რადიკალებში არსებობს საკრალურ მსხვერპლთან (ბავშვთან) დაკავშირებული გეგმა, ამიტომ, ნუ დაუჯერებთ საქართველოს მტერსა და აგენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს
„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პოლიციას, რომელიც მართლა მაქსიმალურ თავშეკავებას იჩენს, მიუხედავად იმისა, რომ მის რიგებში მრავლად არიან დაშავებულებიც“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალებში არსებობს საკრალურ მსხვერპლთან დაკავშირებული გეგმა, რომელიც, მათი შეფასებით, სასურველია იყოს ბავშვი, ამიტომ, სალომე ზურაბიშვილის მოწოდება, რომელიც სკოლის მოსწავლეებს აქციაზე გამოსვლისკენ უბიძგებს, არის სამარცხვინო და დანაშაულებრივი.
„მინდა აქციებზე დაშავებულებს ყველას გამოჯანმრთელება ვუსურვო – სამართალდამცავებსაც და დემონსტრანტებსაც. აქვე უნდა ვთქვა, რომ არ მეგულება მსოფლიოში დემოკრატიული ქვეყანა, სადაც პოლიციელებს საათებისა და დღეების განმავლობაში ცეცხლს გაუხსნიან „მოლოტოვის კოქტეილებით“, ფეიერვერკებითა და სხვადასხვა საშუალებით, დაუშენენ ქვებს, შურდულებს, პარლამენტს და სხვადასხვა შენობას ცეცხლს წაუკიდებენ და ამაზე შესაბამისი, ძალიან მკაცრი რეაგირება არ იქნება სახელმწიფოს მხრიდან. ვნახეთ შემთხვევები, როდესაც დემონსტრანტები თავს დაესხნენ ქუჩაში მიმავალ ახალგაზრდებს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი არ შეუერთდნენ მათ აქციებს, მიაყენეს მათ მძიმე ფიზიკური დაზიანებები და დაულეწეს ავტომანქანები.
რასაც ქართველი პოლიციელები ითმენენ, მსგავსი რამ არ ხდება არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში. გასაგებია, ეს რატომაც ხდება – პატარა ქვეყანა ვართ, ემოციური ხალხი ვართ და შეიძლება ნებისმიერ გადაცდომას გაუთვალისწინებელი შედეგი მოჰყვეს. სწორედ ამიტომ იკავებს თავს პოლიციაც, თორემ, კიდევ ერთხელ ვიტყვი – რაც დღეს ქუჩებში ხდება, ეს არ არის დემოკრატია და არ არის შეკრების თავისუფლებით დაცული უფლება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
დეპუტატმა ასევე ისაუბრა რადიკალების გეგმაზე, რომ მათ სჭირდებათ ე.წ. „საკრალური მსხვერპლი’, რადიკალებისვე გეგმით სასურველია 10-დან 18 წლამდე ასაკის, რომ მეტი მღელვარება გამოიწვიოს. სოზარ სუბარის თქმით, სწორედ ამიტომ არის კატეგორიულად მიუღებელი და დანაშაულებრივი სალომე ზურაბიშვილის მოწოდება სკოლის მოსწავლეებისადმი, რომ ისინი აქციას შეუერთდნენ.
„რამდენიმე დღის წინ მიხეილ ყაველაშვილი საუბრობდა ერთ-ერთ ეთერში, რომ რადიკალებში არსებობს საკრალურ მსხვერპლთან დაკავშირებული გეგმა, რომელიც სასურველია იყოს არა უბრალოდ ახალგაზრდა, არამედ 10-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი, რათა საზოგადოების მეტი აღშფოთება გამოიწვიონ. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას – ნუ დაუჯერებთ ამ ბოროტ არსებას, საქართველოს მტერსა და უცხო ქვეყნის აგენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც სკოლებს გაფიცვისკენ, ხოლო სკოლის მოსწავლეებს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს. დარწმუნებული ვარ მის სამშობლოში, საფრანგეთში, ასეთი მოწოდების გამო ადამიანს უმკაცრესად აგებინებდნენ პასუხს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.