„რადგან საქართველოში ნაკლები ადამიანი დარჩა, იქმნება ფონი, რომ უმუშევრობა შემცირდა“ – ირაკლი მურცხვალაძე

საქსტატის მონაცემებით საქართველოში უმუშევრობა შემცირების ტენდენციით ხასიათდება. პრემიერ კობახიძის თქმით კი საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 50 600-ით შემცირდა, და ამ მხრივ დინამიკა პოზიტიურია. საქსტატის მონაცემებით საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელმა 14% შეადგინა, რაც 2024 წლის პირველ კვარტალში 4%-იანი კლებაა.
საქსტატისა და მთავრობის მხრიდან დასახელებული რიცხვები და უმუშევრობის მხრივ ქვეყანაში არსებული ვითარება, „კომერსანტის“ ეთერში ეკონომისტმა ირაკლი მურცხვალაძემ შეაფასა. მისი თქმით. საქართველოში სამუშაო ძალა ისედაც შემცირებულია, რადგან ბევრი ადამიანი ემიგრაციაშია წასული და ამ ფონზე იმის თქმა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელია, ალოგიკურია.
„თუ 2017 წელს სამუშაო ძალა 1 640 000 ადამიანს შეადგენდა, წელს ის 1 630 000 ადამიანს შეადგენს. ამ ფონზე იმის თქმა, რომ ქვეყანაში უმუშევრობა შემცირებულია, ალოგიკურია.
ერთის მხრივ, ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, მეორეს მხრივ, ამას არ მოჰყვება სამუშაო ადგილების სათანადო რაოდენობის შექმნა, ამაზე მეტყველებს მიგრაციაც, სამუშაო ძალის დიდი ნაწილი გასულია ქვეყნიდან და დასაქმებულია ისეთ ქვეყნებში, როგორც არის იტალია, თურქეთი, გერმანია და ა.შ.
რეალობაში სამუშაო ადგილები დიდად არ გაზრდილა, რადგან საქართველოში ნაკლები ადამიანი დარჩა, იქმნება ფონი, რომ უმუშევრობა შემცირდა“ – აღნიშნა ირაკლი მურცხვალაძემ.
მურცვხალაძის თქმით, ჩრდილოელი მიგრანტების ქვეყნიდან გადინება აისახა უძრავი ქონების ბაზარზეც დ ა ფასებიც ნელ-ნელა დასტაბილურდა და ზრდა ისეთი სწრაფი აღარ არის და ხშირ შემთხვევაში მცირდება კიდეც.
„ჭირს ბინების და ქონების გაყიდვა, წინა წელთან შედარებით ეს საგრძნობია, ამიტომ მიგრაციაზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდა და დასაქმებაც არა გრძელვადიანია და სტაბილურობის განცდას არ მატებს მოსახლეობას, მეორეს მხრივ არსებობს გრძელვადიანი მანკიერი პრაქტიკა, როდესაც სახელმწიფო სოფლად მცხოვრებ ადამიანს, რომელსაც საკვები საკუთარი თავისთვის და ოჯახის გამოსაკვებად მოჰყავს თვლის დასაქმებულად. ჩვენ თუ ამ ადამიანების რაოდენობას გამოვაკლებთ დასაქმებულებს, აღმოჩნდება, რომ უმუშევრობა გაცილებით მაღალია.
14% -იანი უმუშევრობა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში არის პანიკის ტოლფასი ეკონომისტებისთვის, მაგრამ ჩვენ იმდენად შევეჩვიეთ ამ გაჭირვებულ დღეში ყოფნას რომ მიგვაჩნია, რომ 14% უმუშევრობა ნორმალურია. ამასაც თუ დავამატებთ იმას, რომ 3 700 000 -იან მოსახლეობაში სამუშაო ძალად მხოლოდ 1 600 000 ადამიანია აღებული და ორი მილიონი საერთოდ ამოღებულია მივხვდებით, რომ შემოსავლის მქონე ადამიანების რაოდენობა ბევრად ნაკლებია ოფიციალურ სტატისტიკაზე.“ – აღნიშნა ირაკლი მურცხვალაძემ.
მურცხვალაძე განმარტავს რომ დასაქმებული მოსახლეობა ქვეყნის მოსახლეობის მესამედს შეადგენს, ქვეყნის 70% ხელფასს არ იღებს და არც თვითდასაქმებულია, ეს არის რეალური სურათი, აქ შედიან ბავშვებიც, მოხუცებიც, ძირითადად ფინანსდებიან ამ 30%-ის ხარჯზე.
„საქართველოში შემოსავლებში არის ძალიან დიდი სხვაობა, არის ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ხელფასებიც და მოგებაც აქვთ უზარმაზარი, ასევე არის დიდი მასა მოსახლეობის, რომელსაც ძალიან პატარა შემოსავალი აქვს, რაც შემოსავლების არაპროპორციული გადანაწილებაა. ამის გამო ბევრი ადამიანი გარბის საქართველოდან და შემდეგ ბიზნესი წუწუნებს, რომ კადრებს ვერ შოულობს.
ხელფასები უნდა გაზარდონ იმისათვის, რომ კადრები იშოვონ, საერთო მოგების მაქსიმიზაცია არ გამოვა იმის ხარჯზე, რომ შენ თანამშრომელს საერთაშორისო ფასის მესამედი გადაუხადო საქართველოში. საქართველოში მნიშვნელოვანია კონკურენციის პრობლემა, როდესაც ქვეყანაში გვაქვს სამი მსხვილი ქსელი სააფთიაქო ბიზნესში, სადაც არ უნდა წავიდეს შენი თანამშრომელი იმის გამო რომ დაბალია ხელფასი, ისევ დაბალ ხელფასს შეხვდება. იმიტომ რომ კარტერულ გარიგებებს აქვს ადგილი, როგორც ხელფასზე, ისე ფასებზე, ასევეა სხვა მსხვილ ბიზნესშიც, სადაც სულ რამდენიმე მოთამაშეა. საქართველოში ხელფასები ხელოვნურად არის დაბალი და ადამიანს ალტერნატივად სხვა სამსახურში გადასვლა არ აქვს. ამიტომ გამოსავალი რჩება წავიდეს საქართველოდან“ – აღნიშნა ირაკლი მურცხვალაძემ

ასევე დაგაინტერესებთ