ჯგუფური ეტაპი საქართველომ ქულათა მაქსიმუმით (15) დაასრულა. მან ბონუს-ქულით “ავჭალაზე” შვეიცარია (110:0) და ნიდერლანდები (40:7) დაამარცხა, ხოლო ესპანეთს სტუმრად 62:32 სძლია. რუმინეთმა პირველ ორ ტურში გერმანიას შინ ბონუსით მოუგო (48:10), ბელგიას სტუმრად 31:13 აჯობა, ბოლოს კი პორტუგალიასთან შინ 6:34 დამარცხდა ბ ჯგუფში 9 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც 2015 წლამდე “ერთა თასი” ეწოდებოდა, 2000 წლიდან ყოველ გაზაფხულზე იმართება. 2009
წლიდან ჩემპიონი ყოველწლიურად ვლინდება. მანამდე სამჯერ (2003-2008) გამარჯვებული ორი წლის ჯამით გამოვლინდა და შედეგად, 25 წელიწადში სულ 22 ჩემპიონი გვყავს. 2023 წლამდე ჩემპიონატში ექვსი გუნდი მონაწილეობდა, მერე მას ორი მონაწილე დაემატა და დაინერგა ფლეი ოფის სისტემა და ფინალები. აღსანიშნავია, რომ წინა ორივე ნახევარფინალში რუმინეთს მოვუგეთ და ფინალში პორტუგალია დავამარცხეთ.
ჩემპიონატის სტარტზე მისი მოგების მთავარი პრეტენდენტი რუმინეთი იყო, თუმცა მერე ის საქართველომ ჩაანაცვლა. “ბორჯღალოსნები” ტიტულს ჯამში 16-ჯერ დაეუფლნენ, აქედან ბოლო 8-ს მიყოლებით. რუმინეთმა თასი 5-ჯერ მოიგო, ბოლოს 2017 წელს. ამ გუნდების დავაში პორტუგალია ერთადერთხელ, 2003-2004 წლებში ჩაერია.
ჩვენ და რუმინეთი
“ბორჯღალოსნებს” 35 წლის განმავლობაში 283 თამაში აქვთ ჩატარებული და აქედან ყველაზე მეტი რუმინეთთან – 29. წლების წინ “მუხები” ჩვენს მთავარ კონკურენტებად ითვლებოდნენ და პირველი 9 დაპირისპირებიდან 7 მოიგეს (1998-2006 წლები), მერე კი სიტუაცია შეიცვალა.
მას შემდეგ 20 თამაშიდან საქართველომ 17 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ორი დათმო (2010 და 2017 წლებში). ჯამში “ბორჯღალოსნებმა” მოიგეს 19 თამაში, ერთი ფრედ დაასრულეს და დათმეს 9; გაიტანეს 71 ლელო და 660 ქულა, თავად კი 38 ლელო და 452 ქულა მიიღეს.
რუმინეთმა თბილისში წარმატებას ბოლოს 2003 წელს მიაღწია (19:6). შარშან მას ნახევარფინალში 43:5 ვძლიეთ, სარეკორდო სხვაობა კი 2023 წლის მსოფლიო თასამდე გამართულ ტესტ-მატჩში დაფიქსირდა 56:6.
2002 წლიდან ერთმორწმუნე “ბორჯღალოსნებსა” და “მუხებს” შორის თამაშდება ანთიმოზ ივერიელის თასი (მსოფლიო თასის და მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის გარდა), რომელსაც დღემდე საქართველო 18-ჯერ, რუმინეთი კი 6-ჯერ ფლობდა.
2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ფინალისტი 1 მარტს, პორტუგალიისა და ესპანეთის შეხვედრაში გაირკვევა.
Rugby.ge
