ახალციხის ციხე-კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის ტენდერი გამოცხადდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 530 000 ლარია.
ტენდერში წინადადებების მიღება 17 აპრილს დაიწყება და 22 აპრილს დასრულდება.
ტექნიკურ დავალებაში ვკითხულობთ, რომ ციხის კომპლექსი დროთა განმავლობაში დაზიანდა და საჭიროებს კომპლექსურ სარეაბილიტაციო ჩარევას, რათა გაუმჯობესდეს მისი ფიზიკური მდგომარეობა, შენარჩუნდეს მისი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულებები და ისტორიული ავთენტურობა.
„პროექტის განხორციელების შედეგად დაგეგმილია დაზიანებული შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია, რაც გააძლიერებს ახალციხის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის, მნიშვნელობას და წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის ზრდაში. რეაბილიტირებული ძეგლი ორგანულად ინტეგრირდება ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იქცევა ადგილობრივი მოსახლეობისათვის კულტურულ და სოციალურ მიზიდულობის ცენტრად.
ძეგლის ფიზიკური მდგომარეობა მძიმეა, 2011-2012 წლებში განხორციელებული დაბალი ხარისხის მშენებლობის შედეგად, კომპლექსის უმეტეს შენობა-ნაგებობაზე აღინიშნება მრავლობითი დაზიანება.
კომპლექსის შენობა-ნაგებობები რომლებიც მოითხოვენ რეაბილიტაციას:
- ციტადელი მთლიანად;
- მუზეუმთან არსებული თაღი;
- მარმარილოს თაღებიანი სახურავი;
- ფაშას ოთახის ჭერი;
- ზედა შესასვლელების კოშკები;
- ადმინისტრაციის შენობის სახურავი და აივანი;
- ადმინისტრაციის წინ კოშკი და სახურავი;
- კაფე-ბარის არსებული ქვის იატაკი;
- ბავშვთა ოთახის სახურავი;
- ქვედა სველი წერტილების სახურავები;
- საინფორმაციოს სახურავი;
- რესტორანი „რაბათი“-ს სახურავი;
- მესხური ოდას სახურავი;
- ბილაინის ოთახის სახურავი;
- ნათენაძის რესტორნის სახურავი;
- ეკლესიის სახურავი;
- შესასვლელი კოშკის სახურავი;
- მუზეუმი და მუზეუმის საცავი.
„ძეგლის არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორებისა და შენარჩუნების მიზნით შესამუშავებელია ახალციხის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტი“, – ვკითხულობთ შესყიდვის ტექნიკურ დავალებაში.




