ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლაში ბრალდებულ 7 აქტივისტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა

ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლაში ბრალდებულ 7 აქტივისტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
სასამართლო სხდომაზე გირაოს შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.
პროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება გუშინ წარუდგინა.
კერძოდ, გიორგი დუშენკოს, რომელსაც ბრალდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებოდა, მოსამართლემ 3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
ცოლ-ქმარს, ვახტანგ გაბელაიასა და ინგა პაპუნაშვილი-გაბელაიას, რომლებსაც გამოძიება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და „ტვ იმედის“ ოპერატორისთვის ხელის შეშლას ედავებოდა, ფიქრია სიქტურაშვილის გადაწყვეტილებით, 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.
თამუნა კირთავას, რომელიც ბრალდებული იყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტის სიტყვიერ შეურაცხყოფაში, 3 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
მარია ოთინაშვილს, რომელსაც გამოძიება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კამერისთვის დროშის აფარებას ედავებოდა, 3 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
3 ათასი ლარი შეეფარდა ალექსანდრე ცნობილაძესაც, რომელიც „ტვ იმედის“ ოპერატორისთვის ძალადობით ხელის შეშლაში იყო ბრალდებული.
რაც შეეხება ირაკლი წულაიას, მოსამართლემ მას „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფისთვის ხელის შეშლის გამო 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. გამოძიება მას ასევე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, რის გამოც 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
წინასასამართლოს ხდომა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.
აღნიშნულ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.