ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლაში ბრალდებულ შვიდ აქტივისტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა

ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლაში ბრალდებულ შვიდ აქტივისტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
სასამართლო სხდომაზე გირაოს შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.
პროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება გუშინ წარუდგინა.
კერძოდ, გიორგი დუშენკოს, რომელსაც ბრალდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებოდა, მოსამართლემ 3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
ცოლ-ქმარს, ვახტანგ გაბელაიასა და ინგა პაპუნაშვილი-გაბელაიას, რომლებსაც გამოძიება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და „ტვ იმედის“ ოპერატორისთვის ხელის შეშლას ედავებოდა, ფიქრია სიქტურაშვილის გადაწყვეტილებით, 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.
თამუნა კირთავას, რომელიც ბრალდებული იყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტის სიტყვიერ შეურაცხყოფაში, 3 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
მარია ოთინაშვილს, რომელსაც გამოძიება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კამერისთვის დროშის აფარებას ედავებოდა, 3 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
3 ათასი ლარი შეეფარდა ალექსანდრე ცნობილაძესაც, რომელიც „ტვ იმედის“ ოპერატორისთვის ძალადობით ხელის შეშლაში იყო ბრალდებული.
რაც შეეხება ირაკლი წულაიას, მოსამართლემ მას „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფისთვის ხელის შეშლის გამო 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. გამოძიება მას ასევე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, რის გამოც 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.
აღნიშნულ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.