საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ბექა ყორშიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ჟურნალისტების დევნა შეწყვიტოს.
“მთავარი არხის“ ცნობით, ტელეკომპანიის ჟურნალისტი და წამყვანი, ბექა ყორშია, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული და ამჟამად ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ადვოკატის თქმით, ჟურნალისტი სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა 7 დეკემბერს გამთენიისას, სრულიად უკანონოდ და უსაფუძვლოდ, ელბაქიძის დაღმართზე მიმავალი დააკავეს. ჟურნალისტის ადგილსამყოფელი ოთხი საათის განმავლობაში უცნობი იყო. ბექა ყორშიასთან კონტაქტს ვერ ამყარებდნენ ადვოკატი და ახლობლები. მოგვიანებით გაირკვა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ის დიღმის სამმართველოში ჰყავდათ. „მთავარი არხი“ ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მისი უკანონო დაკავების ფაქტის გამოძიებას ითხოვს. 7 დეკემბერს ღამით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს დეა მამისეიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. “პალიტრა ნიუსის” ჟურნალისტის, მარიამ მაზიაშვილის თქმით, მას სპეცრაზმელმა ტელეფონი დაუმტვრია. ჟურნალისტი ამ დროს ლაივით იყო ტელევიზიაში ჩართული. მარიამ მაზიაშვილის თქმით, სპეცრაზმელმა ეს განგებ გააკეთა. „ვიღებდი და ნუ გვიღებო, ტელეფონი დამიგდო დაბლა. პრესკარტა მიკეთია, იცოდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი“. OC Media-ს ინფორმაციით, გამოცემის დამფუძნებლი და თანადირექტორი მარიამ ნიკურაძე, შესაძლოა, არის იმ ადამიანების სიაში, ვის დაკავებასაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება გეგმავს. მარიამ ნიკურაძემ ეს ინფორმაცია სანდო წყაროსგან მიიღო და ნახა კიდეც სია, რომელშიც 48 გვარი და პირადი ნომერია შეტანილი. ამ სიის ნამდვილობის გადამოწმება წყარომაც ვერ შეძლო, თუმცა აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ადამიანი, რომელთა გვარებიც ამ სიაში იძებნება, უკვე დაკავებულია. მათ სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან”, – წერია ქარტიის განცხადებაში.