ჟურნალისტური გამოძიება: თბილისში ამერიკელი დიპლომატის ცოლი ГРУ-ს თავდასხმის ობიექტი გახდა

The Insider-ის, CBS News-ის გადაცემა „60 წუთის“ და გერმანული ყოველკვირეულ გაზეთ Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, „ჰავანის სინდრომი“ რაზეც წლებია ამერიკელი დიპლომატები და უშიშროების ოფიცრები საუბრობენ, ს სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაციების შედეგია და მისი ერთი შემთხვევა თბილისში, ამერიკელი დიპლომატის ოჯახშიც დაფიქსირდა.
რა არის „ჰავანის სინდრომი“?
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კონცენტრაციის გაძნელება, ყურებში მძაფრი შუილი და „მტკივნეული აკუსტიკური შეგრძნებები“ — იმ სიმპტომებს შორის არის, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ათასამდე ამერიკელი და მათი ოჯახის წევრი უჩიოდა, — დიპლომატების, თეთრი სახლის, CIA-ის და FBI-ის თანამშრომლების ჩათვლით.
ფენომენი სახელს იღებს კუბის დედაქალაქ ჰავანიდან, სადაც პირველი შემთხვევა 2016 წელს დაფიქსირდა, თუმცა ახალი ჟურნალისტური გამოძიების ვარაუდით, პირველი შემთხვევები შესაძლოა გერმანიაში, ორი წლით ადრე მომხდარიყო.
-ის კონგრესმა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც ტვინის დადასტურებული დაზიანებების შემთხვევაში, მსხვერპლთა ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.
ზოგი ამერიკელი მაღალჩინოსანი მიიჩნევდა, რომ მოვლენის უკან რუსეთი, ჩინეთი ან სხვა საგარეო მტერი იდგა, რომელიც ენერგეტიკულ ტალღებს იარაღად იყენებდა.
თუმცა, გასულ წელს აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა გამოაქვეყნეს რამდენიმეწლიანი გამოძიების ანგარიში და უარყვეს თეორია იმის შესახებ, რომ „ჰავანას სინდრომის“ უკან უცხო ძალა იდგა. CIA-ს თანახმად, ასეულობით შემთხვევაში, რომლებსაც „ჰავანის სინდრომს“ მიაწერდნენ, გამომწვევი მიზეზები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.
ახალი ჟურნალისტური გამოძიება
The Insider-ის, CBS News-ის გადაცემა „60 წუთის“ და გერმანული ყოველკვირეულ გაზეთ Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, არსებობს მკაფიო კორელაცია რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) 29155 დანაყოფის ოფიცრების მოგზაურობებსა და „ჰავანას სინდრომის“ შემთხვევებს შორის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.
გამოძიება აღწერს რამდენიმე შემთხვევას, როდესაც ГРУ-ის აგენტები იმ დროს იმყოფებოდნენ იმავე ქალაქებში, სადაც ამერიკელმა დიპლომატებმა „ჰავანის სინდრომის“ შესახებ განაცხადეს. ასევე, დაადგინეს, რომ 29155 ჯგუფი სწავლობდა „არამომაკვდინებელი აკუსტიკური იარაღის“ ქალაქებში გამოყენებას.
თბილისის შემთხვევა
გამოძიების თანახმად, ჯოი (სახელი შეცვლილია), დიპლომატ ქმართან და შვილთან ერთად, 2020 წლის თებერვალში გადავიდა აშშ-დან საქართველოში საცხოვრებლად. 2021 წლის 7 ოქტომბერს, ის სარეცხის მანქანიდან ტანსაცმელს იღებდა, როცა თავში თითქოსდა ძლიერი, აკუსტიკური ტალღის გავლა და ტკივილი იგრძნო. ის სააბაზანოში შევიდა, სადაც ხმა თითქოსდა მიჩუმდა და აღებინა.
ამის შემდეგ ჯოიმ ქმარს დაურეკა და მის მოლოდინში ფანჯრიდან გაიხედა, რა დროსაც შენიშნა მანქანა და მაღალი, გამხდარი ქერათმიანი მამაკაცი გოგონასთან ერთად. ქალმა ფოტოების გადაღება დაუწყო, რაც კაცმა დაინახა და სწრაფად ჩაჯდა მანქანაში.
გამოძიების თანახმად, იმ დღიდან ქალს შაკიკი, კოორდინაციის გაძნელება და ვესტიბულურ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყო. სმენა ჰიპერმგრძნობიარე გაუხდა და კონდიციონერის ხმაც კი თვითმფრინავის ძრავის გუგუნივით ესმის. ჯოის ორმხრივი ნახევარწრიული არხის დეჰისცენციის დიაგნოზი დაუსვეს, რაც შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან ტრავმის შედეგი. მას ოპერაციის გაკეთება და თავის ქალას ორივე მხარეს ლითონის ფირფიტები ჩასმა მოუხდა.
The Insider-ის თანახმად, ამ დროს საქართველოში იმყოფებოდნენ 29155 განყოფილების თანამშრომლები. 29155 სამხედრო ნაწილის უფროსი გენერალი ანდრეი ავერიანოვი 2021 წლის 30 სექტემბერს მოსკოვიდან სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. ამავდროულად, მოსკოვიდან გაფრინდა მისი ვაჟი ალბერტ ავერიანოვი, რომელიც მამამ თავის განყოფილებაში რამდენიმე წლის წინ დაასაქმა. მამა-შვილი მოსკოვში 10 ოქტომბერს გამოჩნდნენ. შუალედში მათი მოგზაურობის მარშრუტების დადგენა ძნელია, თუმცა შვილის ტელეფონიდან ჩანს, რომ 30 სექტემბერს ის გაფრინდა ტაშკენტში, აეროპორტიდან უზბეკეთის მობილური ტელეფონის ნომერზე დარეკა. ამ ზარიდან 40 წუთის შემდეგ, 1-ელ ოქტომბერს, დილის 8:40 საათზე, აეროპორტიდან ტაშკენტი-თბილისის რეისი აფრინდა.
ამის შემდეგ უმცროსი ავერიანოვის ტელეფონი როუმინგშია ჩართული, მაგრამ ქსელში წვდომის გარეშე. ტაშკენტიდან ბოლო ზარიდან ცხრა დღის შემდეგ — და ჯოისთან მომხდარი ინციდენტიდან სულ რაღაც ორი დღის შემდეგ — 9 ოქტომბერს, ალბერტ ავერიანოვმა ისევ ჩართო ტელეფონი ტაშკენტში და მეორე დღეს დაბრუნდა მოსკოვში.
ჯოის აჩვენეს ალბერტ ავერიანოვის ფოტო. მან ამოიცნო ახალგაზრდა კაცი, რომელიც მანქანასთან დაინახა, თუმცა თქვა, რომ 100%-ით დარწმუნებული არ არის:
„100%-ით დარწმუნებული ვერ ვიქნები, რომ ეს არის ზუსტად ეს ადამიანი, მაგრამ ის ნამდვილად ძალიან ჰგავს. დღემდე, როცა მას ვუყურებ, იგივე ინტუიციური რეაქცია მაქვს“.
ალბერტ ავერიანოვმა The Insider-ს კომენტარზე უარი უთხრა.
რაში სჭირდება კრემლს ასეთი თავდასხმები?
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ამაზე ზუსტი პასუხი არავინ იცის, მაგრამ დიპლომატებთან საუბრიდან ირკვევა, რომ ამ სტრატეგიამ თავისი ეფექტი მოახდინა: ბევრ თანამშრომელს არ სურს რუსული მიმართულებით მუშაობა, აცნობიერებს რა, რომ შეიძლება შშმ პირად იქცეს და სათანადო დახმარებაც ვერ მიიღოს. ბევრი მსხვერპლის ჩივილები მათ ფსიქიკურ აშლილობას მიაწერეს.
„ახლა, მას შემდეგ, რაც ჩვენმა გამოძიებამ გამოავლინა მრავალი პირდაპირი მინიშნება ინციდენტებსა და ГРУ-ის 29155 სამხედრო ნაწილის ოპერაციებს შორის, ამერიკის ხელისუფლებას შეუძლია გადახედოს საკუთარ დამოკიდებულებას „ჰავანას სინდრომის“ მიმართ და დაიწყოს ინციდენტების სრული გამოძიება. თავად მსხვერპლებს ამის იმედი აქვთ — არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოსწონთ, როცა შეშლილებად წარმოაჩენენ, არამედ იმიტომაც, რომ ესმით, რომ თუ აშშ-ს ხელისუფლება ამ ინციდენტებზე რეაგირებას არ მოახდენს, ისინი გაგრძელდება“, — აცხადებს The Insider.
გამოხმაურებები ჟურნალისტურ გამოძიებაზე
თბილისში, შეერთებული შტატების საელჩოში ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
BBC-ის თანახმად, ჟურნალისტური გამოძიების საპასუხოდ, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CBS News-ს უთხრეს, რომ ისინი „განაგრძობენ ჯანმრთელობის ანომალიური ინციდენტების ყურადღებით გამოკვლევას“, მაგრამ გაიმეორეს თავიანთი პოზიცია, რომ „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ უცხოელი მოწინააღმდეგე იყოს პასუხისმგებელი“.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უსაფუძვლოა ბრალდებები ე.წ ჰავანას სინდრომთან რუსეთის კავშირის შესახებ.
„ეს სულაც არ არის ახალი თემა, უკვე მრავალი წელია პრესაში განიხილება ე.წ. ჰავანის სინდრომის თემა და ყველაზე ხშირად ის თავიდანვე რაღაცნაირად უკავშირებდნენ რუსეთს. მაგრამ არც ერთხელ, არავის გამოუქვეყნებია დამაჯერებელი მტკიცებულებები ამ უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ“, — თქვა პესკოვმა.