ჟურნალისტი: 3 რეზინის ტყვია მომხვდა – პარლამენტის ჭიშკრიდან მესროლეს

ჟურნალისტი დავით თამაზაშვილი ამბობს, რომ გუშინ, 1-ელ მაისს, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქების დროს, 3 რეზინის ტყვია მოხვდა. თამაზაშვილის თქმით, მან დაინახა, რომ ტყვიები მისკენ პარლამენტის ეზოდან ისროლეს, სადაც სპეცრაზმი იყო განლაგებული.
“ხმა გავიგე და უცებ ფეხებში დარტყმები ვიგრძენი […] მერე აღმოვაჩინე, რომ რეზინის ტყვიები მქონდა მოხვედრილი – 3 ტყვია მომხვდა. 2 მარცხენა ფეხში, 1 კი მარჯვენაში […] თვალნათლივ დავინახე, რომ პარლამენტის ჭიშკრიდან მესროლეს. სახით პარლამენტის ჭიშკრისკენ ვიდექი და ტყვიები პირდაპირ მაქვს მოხვედრილი.
როცა ტყვიები გვესროლეს, არანაირი არეულობა არ ხდებოდა. არავინ არაფერს აშავებდა და ისროდა. მით უმეტეს, მე პრესაც მეწერა, კამერაც მქონდა. ერთმა პოლიციელმა მომაძახა, კარგად უნდა მოქცეულიყავი და არ მოგხვდებოდაო. ანუ, ცუდად ვიქცევით, ამ ყველაფერს რომ ვიღებთ”. – თქვა ჟურნალისტმა ფორმულასთან საუბარში.
უარყოფს, რომ აქციაზე რეზინის ტყვიები გამოიყენეს, თუმცა, თვითმხილველების თქმით, სპეცრაზმელებმა დემონსტრანტების მიმართულებით სწორედ რეზინის ტყვიები ისროლეს.
გირჩი-მეტი თავისუფლების წევრის, ცოტნე კობერიძის თქმით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმმა რეზინის ტყვია ესროლა. კობერიძე ამბობს, რომ ტყვია სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა ამოუღო, თუმცა, არ გამოატანეს.
ჩიტაძის ქუჩაზე რეზინის ტყვიების სროლის კადრები ტაბულამაც გადაიღო.
ასევე, აქციაზე 12 კალიბრიანი საფანტის მასრა იპოვეს, რომელშიც 9 არალეტალური ტყვია ეტევა.

დაშავებულთაგან ერთ-ერთი ტაბულას ეუბნება, რომ მას მსგავსი მასრა მოხვდა.
ახლო მანძილიდან აღნიშნული ტყვიის მოხვედრა სიცოცხლისთვის საშიშია.