რა მოხდება 50 დღის შემდეგ? – ეს კითხვა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი ვადა მისცა უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების დადებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში უპრეცედენტო სანქციების ამოქმედებით დაემუქრა. ამავე დროს აშშ აძლიერებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, რაც იარაღის მიწოდების ევროპული ხაზების გააქტიურებასაც გულისხმობს. ყველაფრის მიუხედავად, სტამბოლში გამართული მოლაპარაკების მესამე რაუნდის შემდეგ რუსეთი კვლავ შეურიგებელ პოზიციაზეა. როგორც კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, მხარეებს შორის ჯერ კიდევ ფუნდამენტური განსხვავებებია და ახლო მომავალში პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის პერსპექტივა ბუნდოვანია, თუმცა მზად არიან დისკუსიისთვის. ფაქტია, დასავლეთის და რუსეთის ურთიერთობა უფრო მწვავდება, ტრამპის გზავნილი კი საერთაშორისო პოლიტიკურ დებატებში ახალ შეკითხვებს აჩენს: როგორ შეაფასებს მსოფლიო ამერიკის შესაძლო კურსს, რეალურია თუ არა რუსეთზე ამ ფორმით ზეწოლის შედეგიანობა და როგორ აისახება ეს პროცესები რეგიონზე, მათ შორის საქართველოზე, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრება.
– პუტინისთვის 50 დღის მიცემა იმას ნიშნავს, რომ მას აძლევენ საკმარის დროს, რაც შესაძლოა ზაფხულისთვის დაგეგმილ მის სამხედრო მიზნებს უკავშირდება – გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ზაფხულში გეგმავს გარკვეული ტერიტორიების მიტაცებას. ტრამპის ულტიმატუმის ყველაზე რადიკალური პუნქტი ეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც დღემდე აგრძელებენ ვაჭრობას რუსეთთან. ვინ არიან ესენი? – ჩინეთი და ინდოეთი. ამერიკას უკვე ჰქონდა სატარიფო ომი ჩინეთთან და ორივემ უკან დაიხია, რამდენად რეალურია დღეს იმავე გზის გავლა და ჩინეთისთვის ამჯერად 500%-იანი ტარიფების დაწესება, თავად განსაჯეთ. ჩინეთი მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა. ასეთი მასშტაბის სახელმწიფოსთვის, რომელსაც სტრატეგიული რესურსებიც აქვს და რეგიონული გავლენაც, ტარიფების დაწესება არც მარტივი გადაწყვეტილებაა და არც სწრაფად ასამუშავებელი მექანიზმი. ინდოეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო კომპლექსური პროცესია. შესაბამისად, არა მგონია, რუსეთს ახლა ამ მუქარის შეეშინდეს, მით უმეტეს, რომ სანქციების გვერდის ავლით მოქმედება ისწავლეს.
– როგორც აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი ამბობს, საქმე მხოლოდ ინდოეთს და ჩინეთს არ ეხება და რუსული სანქცირებული ნავთობით ვაჭრობის შემთხვევაში ნებისმიერ ქვეყანას 100%-მდე მეორადი ტარიფები დაეკისრება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბესენტი ევროპელ მოკავშირეებსაც მოუწოდებს, რომ ტრამპის მიდგომა გაიზიარონ.
– ევროკავშირმა უკვე 18 სანქციური პაკეტი გამოაცხადა. რთულია დავიჯეროთ, რომ მე-19 პაკეტი იქნება ის, რაც წინა 18-ის შედეგს გადააჭარბებს. სანქციები ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, ამოწურულია.
– მაშინ რატომ ამბობს კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი, რომ მოსკოვი მზად არის დისკუსიისთვის?
– ეს უფრო ტაქტიკური პასუხია, ვიდრე რეალური დათმობის ნიშანი. რუსეთი დროის მოგებას ცდილობს.
– მაშინ რას ემსახურებოდა ტრამპის ულტიმატუმი?
– შეიძლება ითქვას, მან პირდაპირ მიანიშნა პუტინს, მოდი, 50 დღის მერე ვილაპარაკოთო. თუმცა არა მგონია, 50 დღის შემდეგაც მოჰყვეს მოლაპარაკებას შედეგი. რუსეთი რასაც ითხოვს, ჯერჯერობით იმის შესრულება შეუძლებელია.
– რას გულისხმობთ?
– პუტინის მთავარი მოთხოვნაა უკრაინის სრული ნეიტრალიზაცია, რაც ამ ეტაპზე არც ერთი მხარისთვის არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მათ შორის არც უკრაინისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ფრონტის ხაზზე ძალთა ბალანსი არ იცვლება, მოლაპარაკებასაც შედეგი არ მოჰყვება.
– ფიქრობთ, რომ უკრაინისთვის გაძლიერებული სამხედრო დახმარება, მათ შორის P”პეტრიოტის” სისტემების მიწოდებაც ვერ შეცვლის ძალთა ბალანსს?
– “პეტრიოტი” ანტისაჰაერო სისტემაა, საკმაოდ ეფექტური, მაგრამ ასევე ძალიან ძვირიც, თითო ჭურვი 10.000 დოლარი ჯდება. ამასთან, როცა ამ ძვირად ღირებულ სისტემას ასეულობით იაფი დრონით შეუტევ, “პეტრიოტი” იფიტება, ჭურვები მთავრდება. რამდენი ასეთი სისტემა უნდა განათავსო უკრაინაში, რომ ფრონტის რომელიმე მონაკვეთზე, სადაც რუსეთი მასობრივად დრონებს უშვებს, ყველა მოიგერიოს? უკრაინას აქამდეც ჰქონდა “პეტრიოტები” და რა მერე? ახლა ბრძოლის წესები შეცვლილია, დრონებმა მთლიანად გადაატრიალეს ომის ლოგიკა. ადრე “პეტრიოტებით” ადვილად იცავდი თავს თვითმფრინავებისა და რაკეტებისგან, მაგრამ ასეულობით დრონს რას უზამ? უკრაინისთვის შეიარაღება აქამდეც უნდა მიეცათ, მაგრამ უკვე ოთხი წელია ვისმენთ ერთსა და იმავეს, აი, ახლა ამერიკა “პეტრიოტებს” მისცემს და უკრაინა შეტევაზე გადავა; ახლა გერმანია ტანკებს გაუგზავნის და უკრაინა შეტევაზე გადავაო და ა.შ. რეალურად, ეს განცხადებები სერიოზულ ტაქტიკურ გარდატეხას ვერ იძლევა, მოქმედებაა საჭირო.
– იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინელებმა თავად დაიწყეს დრონების წარმოება, პრობლემა არც მათ უნდა ჰქონდეთ.
– კი, დრონების წარმოებაში უკრაინა ნამდვილად გააქტიურდა და ტექნოლოგიურადაც დახვეწა საკუთარი შესაძლებლობები. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – ფრონტის ხაზი სწორედ უკრაინის ტერიტორიაზე გადის, ამიტომ უკრაინელების დრონების მოქმედების რადიუსი შეზღუდულია.
– თუმცა უკრაინელები სულ უფრო ხშირად ახერხებენ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას.
– დიახ, მაგრამ ძირითადად ფრონტის ხაზთან ახლოს. რუსეთს უზარმაზარი ტერიტორია აქვს, სტრატეგიული სიღრმე, რაც საშუალებას აძლევს, სამხედრო ინფრასტრუქტურა ისეთ ადგილებში განათავსოს, სადაც უკრაინული დრონები ვერ მისწვდებიან. თუ, რა თქმა უნდა, უკრაინა ისევ არ ჩაატარებს ისეთ კომპლექსურ ოპერაციას, როგორიც იყო, მაგალითად, “ობობას ქსელი”. ეს მართლაც არაორდინარული სამხედრო მოქმედება იყო, მაგრამ ამის გამეორება შეუძლებელია, მეორედ მოწინააღმდეგე უკვე მზად დახვდება.
– ე.ი. ფიქრობთ, რომ არც ომის დასრულების პერსპექტივა ჩანს და არც დროებითი ზავის შესაძლებლობა არსებობს?
– დიახ, დროებით ზავზე რუსეთი არ წავა. ამ ეტაპზე მას გარკვეული უპირატესობა აქვს, ნელ-ნელა წინ მიიწევს. ჩემი აზრით, პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები ადრე თუ გვიან მიხვდებიან, რომ დრო მათ სასარგებლოდ არ მუშაობს და ბოლოს მოაწერენ ხელს რუსეთისთვის მისაღებ შეთანხმებას. თავის მხრივ, დასავლეთი არაფრის გაფორმებას არ აპირებს რუსეთთან, რადგან უკრაინა ჯერჯერობით ძლებს და თუ იარაღს მიაწვდიან, კიდევ დიდხანს გაძლებს. რუსეთი კი პასუხობს: კარგი, ვიომოთ და ვნახოთ, ვინ უფრო დიდხანს გაძლებსო.
– ვინ უფრო დიდხანს გაძლებს?
– ლოგიკას თუ გავყვებით, რუსეთს უკრაინაზე სამჯერ მეტი ცოცხალი ძალა ჰყავს და არც არაფრად მიაჩნია თავისი მოქალაქეების სიცოცხლე.
– მაგრამ რუსეთს სხვა პრობლემა აქვს. სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ შეიძლება პუტინმა სამხედრო მრეწველობა ვერ დააწიოს ადამიანურ რესურსს.
– ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუსეთი სამ თვეში იმდენ საბრძოლო მასალას უშვებს, რამდენსაც ნატო მთელი წლის განმავლობაში, რაც ნათლად აჩვენებს ნატოს მასშტაბურ ჩამორჩენას იარაღის წარმოებაშიო…
მე მაინც ვფიქრობ, რომ რუსეთი ყველაფერზე წავა. უფრო სწორად, პუტინს სურს მსოფლიოს აჩვენოს, რომ ყველაფერზე წამსვლელია, მზად არის, არც საკუთარი ხალხი დაინდოს, მით უფრო, თუ ისინი ციხიდან გამოშვებულები ან ეროვნული უმცირესობებიდან არიან, მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიიდან. ადამიანის სიცოცხლე რუსეთში არცთუ ძვირად ფასობს. პრინციპში, თუ რამე ომი მოუგია რუსეთს, სწორედ ასეთი მიდგომით.
ეს გამოფიტვის ომია და დამთავრდება მაშინ, როცა რომელიმე მხარეს ფრონტი ჩამოეშლება. ფრონტი, წესით, იმ მხარეს უნდა ჩამოეშალოს, ვისაც ნაკლები ცოცხალი ძალა ჰყავს. თუ ომი ამ ფორმატით გაგრძელდება და რუსეთი ფრონტზე სამ-ოთხჯერ მეტ ცოცხალ ძალას არ დაკარგავს, მაშინ უფრო მოსალოდნელია, რომ ფრონტის ხაზი უკრაინას ჩამოეშალოს.
– ტრამპი, რომელიც ცდილობს “მშვიდობისმყოფელის” მანტია მოისხას, რამდენად შეეგუება ომის გაჭიანურებას?
– ვერაფერს იზამს, რა უნდა ქნას? საზოგადოების დიდ ნაწილს ჰგონია, ამერიკამ რომ მოინდომოს, ამ ომს ორ საათში დაამთავრებდა, სინამდვილეში ამ ომის გარედან დასრულება შეუძლებელია. ბაიდენი გაცილებით მეტად იყო ჩართული საქმეში უკრაინის სასარგებლოდ, მაგრამ ვერაფერს გახდა. ტრამპს, ჩემი აზრით, ამ ომის გაცილებით ნაკლები ინტერესი აქვს. რას გააკეთებს ისეთს, რაც ბაიდენმა ვერ შეძლო? არსებობს ბირთვული ბალანსი აშშ-სა და რუსეთს შორის და ამერიკა რუსეთთან პირდაპირ ომში არასდროს ჩაებმება.
ხათუნა ბახტურიძე