რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომელიც 7 ოქტომბერს 73 წლის გახდა, დაბადების დღე მიულოცა არაერთი ქვეყნის, მათ შორის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, თურქეთის, ისრაელისა და შუა აზიის რესპუბლიკების ლიდერებმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოფიციალური საიტის თანახმად, „აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა პრეზიდენტ პუტინს დაბადების დღე მიულოცა. ვლადიმირ პუტინმა მილოცვისთვის მადლიერება გამოხატა. საუბრისას, ორი ქვეყნის ლიდერებმა გაცვალეს მოსაზრებები აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ახლანდელ მდგომარეობასა და პერსპექტივაზე“
კრემლის ოფიციალურ საიტზე აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მილოცვები ნახსენებია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერთა ერთიან ჩამონათვალში. ორივე ლიდერის ოფიციალურ საიტებზე გამოქვეყნდა ცნობა ვლადიმირ პუტინთან მისალოცი ზარის შესახებ.
სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის საიტზე ვკითხულობთ, რომ მან პუტინს „საუკეთესო სურვილები“ გადასცა:
„პრემიერმინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას და მაღალი შეფასება მისცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პირად წვლილს ამ პროცესში“.
კრემლის თანახმად, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოანთან სატელეფონო საუბრისას მილოცვისა და „გულთბილი სურვილების“ გარდა, საუბარი შეეხო „ორმხრივი ურთიერთობების ზოგიერთ აქტუალურ საკითხს და ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და უკრაინის გარშემო“.
ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდისთან რუსეთის პრეზიდენტის საუბრისას მილოცვის გარდა, „ორივე მხარემ გამოხატა რუსეთ-ინდოეთის განსაკუთრებით პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებაში დაინტერესება“ – მხარეები შეეხნენ აგრეთვე დეკემბერში პუტინის ინდოეთში დაგეგმილი ვიზიტის დეტალებს.
ფორუმი
