ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნებს უხელმძღვანელა. რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ უკრაინის საკითხზე დაგეგმილი სამიტი პუტინთან უახლოეს ხანებში აღარ ჩატარდებოდა.
კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პლესეცკის გამშვები სადგურიდან საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „იარსი“ გამოცადეს, ხოლო ბარენცის ზღვაში წყალქვეშა ნავიდან „სინევას“ ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. წვრთნებში ასევე მონაწილეობდნენ Tu-95 სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებიც შორ მანძილზე მოქმედ ფრთოსან რაკეტებს ისროდნენ.
კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნებში სამხედრო სამეთაურო სტრუქტურების უნარ-ჩვევები შემოწმდა.
სამხედრო ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ვალერი გერასიმოვმა, ვიდეოკავშირის საშუალებით პუტინს აცნობა, რომ წვრთნები „ბირთვული იარაღის გამოყენების ავტორიზაციის პროცედურების პრაქტიკას“ ისახავდა მიზნად.
პუტინი მარტო იჯდა მრგვალ თეთრ მაგიდასთან და უყურებდა დიდ ეკრანებს, რომლებზეც გერასიმოვი და თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელუსოვი ჩანდნენ. სამივე მამაკაცი კონფლიქტის შემთხვევაში ბირთვული იარაღის გაშვებაში მიიღებენ მონაწილეობას.
პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მანევრები წინასწარ იყო დაგეგმილი. თუმცა, საერთაშორისო მედია მაინც ამახვილებს ყურადღებას, რომ ეს მანევრები განხორციელდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტში პუტინთან სწრაფი შეხვედრის გეგმა გადაიდო, რადგან არ სურდა, რომ ეს „დროის ფუჭად კარგვა“ ყოფილიყო.
პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომელიც 16 ოქტომბერს გაიმართა, ტრამპმა გამოაცხადა, რომ უახლოეს ორ კვირაში დაგეგმილია მისი და პუტინის შეხვედრა ბუდაპეშტში.
21 ოქტომბერს არაერთმა მედიასაშუალებამ, მათ შორის Reuters-მა, AFP-მა, CNN-მა, CBS News-მა და NBC News-მა თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით დაწერეს, რომ უახლოეს ხანში ტრამპი პუტინთან შეხვედრას არ გეგმავს და სამიტისთვის მზადება შეჩერებულია.
პრეზიდენტმა ტრამპმა 21 ოქტომბერს თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ სურს უსარგებლო შეხვედრის გამართვა და დროის ფუჭად დაკარგვა და გადაწყვეტილებას მომდევნო ორ დღეში აცნობებენ.




