ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება მარტივდება .
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებაზე. დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ვებსაიტზე.
პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან, ანუ 17 მაისიდან. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით“ და რუსეთს, ოკუპირებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად.
დადგენილების თანახმად, რუსეთის მოქალაქეობის მიღების უფლება აქვს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყველა ზრდასრულ მოქალაქეს, რომელსაც ეს სტატუსი 2008 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით ჰქონდა. რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად, მათ განაცხადის წარდგენა სჭირდებათ.
თუ ოკუპირებული აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები მუდმივად ცხოვრობენ ამ რესპუბლიკების ტერიტორიაზე, მათ განაცხადი უნდა წარუდგინონ რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას. თუ რუსული პასპორტის მიღების მსურველები რუსეთში იმყოფებიან, მათ განაცხადი შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში უნდა წარადგინონ.
მთავრობას დაევალა რუსული პასპორტების გაცემის პროცედურის დადგენა, მათი მიღების შესაძლებლობით, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ რუსეთის პასპორტის მისაღებად განაცხადის შეტანა ისეთი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე, როგორიცაა რუსეთში ხუთი წლის განმავლობაში მუდმივი ცხოვრება, რუსული ენის ცოდნა, რუსეთის ისტორიის ცოდნა და ქვეყნის კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა. ჩამოთვლილი მოთხოვნები მითითებულია კანონში „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ“.
