რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო ჯილდოები გადასცა ბირთვულძრავიანი ფრთოსანი რაკეტის, „ბურევესტნიკის“ და უპილოტო წყალქვეშა აპარატის, „პოსეიდონის“ შემქმნელებს.
კრემლში დაჯილდოების ცერემონია გამართეს „სახალხო ერთობის დღეს“, რომელსაც რუსეთში 4 ნოემბერს აღნიშნავენ.
კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში დაჯილდოებულთა ვინაობა მითითებული არ არის. პუტინის განცხადებით, ამ იარაღის შემქმნელთა მიერ მიღწეულ შედეგს რუსი ხალხისთვის აქვს „გადაუჭარბებლად ისტორიული მნიშვნელობა უსაფრთხოებისა და სტრატეგიული პარიტეტის უზრუნველსაყოფად მთელ ХХI საუკუნეში“.
პუტინის თანახმად, უკვე დაწყებულია შემუშავება შემდგომი თაობის ბირთვულძრავიანი ფრთოსანი რაკეტების, რომლებიც პერსპექტივაში ზებგერითი რაკეტები გახდებიან.
26 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გერასიმოვმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ 21 ოქტომბერს წარმატებით გამოცადეს ბირთვული ძრავის დანადგარით აღჭურვილი ახალი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“, რომელმაც დაახლოებით 15 საათს იფრინა და ჯამში დაფარა 14 000 კილომეტრი.
პუტინმა განაცხადა, რომ „ბურევესტნიკი“ არის „უნიკალური ნაწარმი, რომელიც მსოფლიოში არავის აქვს“.
29 ოქტომბერს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის პაციენტებთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 28 ოქტომბერს გამოცადეს ბირთვულძრავიანი უპილოტო წყალქვეშა აპარატი „პოსეიდონი”. პუტინმა გამოცდას „უზარმაზარი წარმატება” უწოდა.
რუსეთის პრეზიდენტმა პირველად 2018 წლის მარტში, ფედერალური კრებისადმი მიმართვისას განაცხადა ახალი ბირთვულძრავიანი რაკეტის შემუშავების შესახებ.
ამერიკული მედია შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთმა „ბურევესტნიკის“ გამოცდა 2017 წლიდან დაიწყო, თუმცა წარუმატებლად.
2019 წლის აგვისტოში რუსეთში, სევეროდვინსკის მახლობლად მდებარე საცდელ პოლიგონზე მოხდა აფეთქება, რომლის შედეგად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ შვიდი თანამშრომელი დაიღუპა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მაშინ სწორედ ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ აფეთქდა.
ფორუმი




