რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 3 სექტემბერს პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არასდროს დაუყენებია ტერიტორიების საკითხი უსაფრთხოების გარანტიების პირისპირ.
“არა, ჩვენ საკითხი ასე არასდროს დაგვიყენებია და ასე არ განგვიხილავს. …ერთმანეთთან არ ვაკავშირებთ ტერიტორიებსა და უსაფრთხოების გარანტიებს. რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს ახლოს მდგომი თემებია, მაგრამ ერთმანეთთან პირდაპირ არ ვაკავშირებთ. ანკორიჯში მიმდინარე დისკუსიებისას საკითხი ასე არ დამდგარა”, – ასე უპასუხა მან ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვას.
შემდეგ პუტინმა განავრცო უსაფრთხოების გარანტიებისა და ტერიტორიების გაცვლის საკითხი:
“უსაფრთხოების გარანტიებზე, ბუნებრივია, ხშირად ვლაპარაკობ. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ნებისმიერ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ეს გარანტიები, უსაფრთხოების სისტემა, უკრაინასაც მათ შორის. თუმცა, ეს არ არის დაკავშირებული რამე სახის გაცვლებთან, მითუმეტეს ტერიტორიების გაცვლასთან.
საერთოდაც, ჩვენ, სიმართლე გითხრათ – მსურს, ამას ხაზი გავუსვა – ვიბრძვით არა იმდენად ტერიტორიებისთვის, რამდენადაც ადამიანის უფლებებისთვის და იმ ადამიანების უფლებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ – ილაპარაკონ თავიანთ ენაზე, იცხოვრონ თავიანთი კულტურისა და ტრადიციების ფარგლებში, რომლებიც წინა თაობებისგან გადმოეცათ – მამებისგან, ბაბუებისგან და ა.შ.. აი, რაზეა ლაპარაკი უპირველეს ყოვლისა”.
შეკითხვაზე – “აქვს თუ არა ახლა, არსებულ პირობებში აზრი ზელენსკისთან შეხვედრას?”, პუტინი ვრცლად, ზელენსკის უფლებამოსილებებსა და უკრაინის კონსტიტუციაზე ხანგრძლივი მსჯელობით პასუხობს, მოგვიანებით კი ადასტურებს, რომ ასეთის შესაძლებლობაზე ტრამპს თანხმობა უთხრა და ადგილად მოსკოვს ასახელებს:
“მთლიანობაში, არასდროს გამომირიცხავს ასეთი შეხვედრის შესაძლებლობა. არის რაიმე აზრი ასეთ შეხვედრებში? მოდით, შევხედოთ.
უკრაინის კონსტიტუციით – ვიღაც შეიძლება მას ეთანხმებოდეს, ვიღაც – არა, საჭიროა უბრალოდ ტექსტის ყურადღებით წაკითხვა – უკრაინის პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გაგრძელების არანაირი საშუალება არ არის გათვალისწინებული, საერთოდ არანაირი. არჩეულია ხუთი წლით, გავიდა ხუთი წელი – მორჩა, ამოიწურა უფლებამოსილებები.
არის მდგომარეობა, რომლის თანახმადაც, საომარი მდგომარეობისას არჩევნები არ ტარდება. ასეა, კი, ეს მართალია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები ხანგრძლივდება. ეს ნიშნავს, რომ მისი უფლებამოსილებები იწურება, მისი უფლებები კი გადაეცემა რადის სპიკერს, მათ შორის მისი როგორც უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებებიც.
მაშინ რა უნდა გააკეთოს მოქმედმა ხელისუფლებამ, თუკი სურთ ლეგიტიმურები იყვნენ და სრულფასოვანი მონაწილეობის მიღებს დარეგულირების პროცესში? მათ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩაატარონ რეფერენდუმი: უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად, ტერიტორიების საკითხებზე – ნებისმიერზე – გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ რეფერენდუმზე, როგორც მახსოვს.
მაგრამ რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება საომარი მდგომარეობის პირობებში – ესეც კონსტიტუციის პირობაა. ესე იგი, იმისთვის, რომ რეფერენდუმი ჩატარდეს, საჭროა საომარი მდგომარეობის გაუქმება. თუმცა, როგორც კი ეს მოხდება – არჩევნებზე უნდა წახვიდე. და ეს პროცესი გაგრძელდება უსასრულოდ.
…შეიძლება [ზელენსკისთან შეხვედრა – რთ] – მე არასდროს მითქვამს ამაზე უარი, თუკი ასეთი შეხვედრა კარგად არის მომზადებული და რამე შესაძლო დადებით შედეგებამდე მიგვიყვანს. სხვათაშორის, დონალდმა მთხოვა, თუ შესაძლებელია ასეთი შეხვედრის გამართვაო. მე ვუთხარი: დიახ, ეს შესაძლებელია. ბოლოს და ბოლოს, თუკი ზელენსკი მზად არის, მაშინ ჩამოვიდეს მოსკოვში – ასეთი შეხვედრა შედგება”.
ტელეარხ “როსსია”-დან ოლგა სკაბეევამ პუტინს ჰკითხა: “მნიშვნელოვანი შეკითხვა სპეცოპერაციაზე: ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, არის შანსი, რომ ის უახლოეს მომავალში დასრულდეს? როგორ გრძნობთ, მივდივართ დასრულებისკენ?”.
პუტინის პასუხი:
“ჯერ კიდევ 2022 წელს ვთავაზობდით უკრაინის ხელისუფლებას პატივისცემით მოპყრობოდნენ იმ ადამიანების არჩევანს, რომლებიც უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ცხოვრობენ, გაეყვანათ იქიდან თავიანთი ჯარები და დაუყოვნებლივ დაესრულებინათ ეს კონფლიქტი. უნდა ვთქვა, რომ მთლიანობაში ეს არ იწვევდა სრულ უარს.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩვენ, ჩვენი დასავლეთევროპელი კოლეგების დაჟინებული მოწოდებებით, კიევს მოვაშორეთ ჩვენი ჯარები, ვითარება მაშინვე შეიცვალა და ჩვენ გვითხრეს – თითქმის სიტყვა-სიტყვით ასე: ახლა ვიომებთ მანამდე, სანამ ან თქვენ არ მოგვიგრიხავთ კისერს, ან ჩვენ თქვენო. არ მახსოვს, ამაზე ოდესმე მილაპარაკია თუ არა საჯაროდ, მაგრამ ეს დაახლოებით ასე ჟღერდა, მხოლოდ უფრო უხეში გამონათქვამებით, მაგრამ საკმაოდ ღიად და როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ამხანაგურად: აი, ახლა ან ჩვენ ან თქვენო. აი, ეს ყველაფერი გრძელდება.
ამის მიუხედავად, ასე მგონია, თუ საღი აზრი მაინც გაიმარჯვებს, ამ კონფლიქტის შეწყვეტის მისაღებ ვარიანტზე მოლაპარაკება შეიძლება. მე აქედან გამოვდივარ.
მითუმეტეს, რომ ვხედავთ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაციის განწყობას. ვხედავთ არა მხოლოდ მათ მოწოდებებს, არამედ გულწრფელ სურვილს ამ გამოსავლის მოძებნის. მგონია, რომ არის გარკვეული სინათლე გვირაბის ბოლოს. ვნახოთ, როგორ დალაგდება ვითარება. თუ არა, მაშინ მოგვიწევს ჩვენს წინაშე არსებული ყველა ამოცანის იარაღის გზით გადაწყვეტა”.
რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთში ჩავიდა სი ძინ პინის მიწვევით, “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” სამიტში მონაწილეობის მისაღებად და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ სამხედრო აღლუმზე დასასწრებად.
ფორუმი
