რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვის ოლქში „კროკუს სიტი ჰოლში“ პარასკევს მომხდარი ტერაქტის შესახებ დღეს გააკეთა განცხადება. მან რუსეთის მოქალაქეებს ტელევიზიით მიმართა. მან 24 მარტის გლოვის დღედ გამოაცხადა.
პუტინმა მომხდარს სისხლიანი და ბარბაროსული ტერაქტი უწოდა და მადლობა გადაუხადა იმათ, ვინც წვლილი შეიტანა ადამიანების გადარჩენაში. პრეზიდენტის თქმით, მოსკოვსა და რუსეთის სხვა რეგიონებში ანტიტერორისტული ხასიათის დამატებით ზომებს შემოიღებენ.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მომხდარში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება. მან აღნიშნა, რომ ტერაქტთან დაკავშირებული ყველა პირი ნაპოვნია და დაკავებულია. პუტინის სიტყვებით, დაკავებამდე ისინი მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც მათთვის უკრაინის მხრიდან თითქოს მომზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვრის გადასაკვეთად. მას დეტალები არ დაუსახელებია.
რუსეთის პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ ტერაქტის ხელშემწყობთა გამოსავლენად მუშაობენ სპეცსამსახურები.
აშშ-მა ადრე განაცხადა, რომ უკრაინას არა აქვს კავშირი მოსკოვის მახლობლად მომხდარი ტერაქტის ორგანიზებასთან. კიევმა უარყო მომხდართან ყოველგვარი კავშირი.
7 მარტს რუსეთში აშშ-ის საელჩომ გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება მოსკოვში ტერაქტების საფრთხის შესახებ. მაშინ აღნიშნეს, რომ თავდასხმები შესაძლებელია მოხდეს „უახლოესი ორი დღის განმავლობაში“ და ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდეს, მოერიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს. მოგვიანებით მსგავსი გაფრთხილებით მიმართეს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყნების დიპლომატურმა მისიებმა.
19 მარტს პუტინმა რუსეთში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ დასავლეთის ქვეყნების განცხადებებს უწოდა „პროვოკაციული“ და „საზოგადოების დაშინებისა და დესტაბილიზაციისკენ“ მიმართული.
22 მარტს, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში, თავდასხმა მოაწყვეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ადამიანებმა, რომლებიც სროლით შეიჭრნენ საკონცერტო დარბაზში და ცეცხლი გაუხსნეს კონცერტის დაწყების მოლოდინში, შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტს ათასობით ადამიანი უნდა დასწრებოდა.
Reuters-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.
ამ დროისთვის „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 133-ს მიაღწია. რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, მათი რაოდენობა გაიზრდება.