რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 27 ივლისს სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა – იმის მიუხედავად, რომ ამ ქალაქში 2017 წლის შემდეგ პირველად გაუქმდა მასშტაბური საზღვაო-საომარი აღლუმი მდინარე ნევაზე, “საერთო ვითარებისა და უსაფრთხოების მოსაზრებების გათვალისწინებით”.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, რუსეთის ლენინგრადის ოლქზე დილით უკრაინის ათობით დრონით განხორციელდა შეტევა. აღლუმის გაუქმების შესახებ მანამდე იყო ცნობილი.
პეტერბურგში პუტინმა თავისი კორტეჟი გააჩერა დვორცოვის მოედანზე, სადაც გაიარა გემთსაშენი კომპლექსის მონახულების შემდეგ. როგორც გამოცემა “აგენტსტვო” წერს, ეს მოხდა პირველად გასული წლის ოქტომბრის შემდეგ.
კრემლის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პუტინი მოედანზე დაელაპარაკა კაცს, რომელსაც მეზღვაურის ფორმა ეცვა და ხელში ეჭირა საბჭოთა კავშირის საბრძოლო-საზღვაო დროშა. ამ კაცმა პუტინს “ფაშისტებთან ბრძოლა” სთხოვა და თქვა, რომ ახლა შეუძლია “მშვიდად მოკვდეს”. სხვა კადრებში შეხვედრის მონაწილეები პუტინს ხოტბას ასხამენ და მის სახელს სკანდირებენ.
პუტინი იშვიათად გადის ქუჩაში ხალხთან – თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური აღნიშნავს, ბოლო წლებში ის ამ ნაბიჯს დგამს იმ ტიპის მოვლენების შემდეგ, რომლებიც შესაძლოა შეფასდეს საფრთხედ მისი მმართველობისთვის. მაგალითად 2023 წლის ივნისში ევგენი პრიგოჟინის მიერ მოწყობილი ამბოხების შემდეგ, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილის და მისი დაკრძალვის მერე.
“აგენტსტვო” წერს, რომ ამჯერად პუტინმა ლიმუზინი გააჩერა და ხალხთან გავიდა მას მერე, რაც რუსეთის ცენტრზე გაძლიერდა დრონებით თავდასხმები. ამ თავდასხმებს არ მოჰყვება მნიშვნელოვანი ნგრევა ან მსხვერპლი, თუმცა მათ გამო სულ უფრო ხშირად შეაქვთ ცვლილებები თვითმფრინავების და მატარებლების განრიგებში. 27 ივლისს განხორციელებული შეტევების გამო 100-ზე მეტი რეისი შეფერხდა პეტერბურგის აეროპორტში.
27 ივლისს რუსეთში საზღვაო ფლოტის დღეს აღნიშნავდნენ. 2017-2014 წლებში ამ დღეს სანკტ-პეტერბურგში ატარებდნენ ე.წ. მთავარ საბრძოლო-საზღვაო აღლუმს – ეს მოიცავდა ბალტიის ფლოტის ხომალდების დათვალიერებას, თუმცა აღლუმში მონაწილეობის მისაღებად სხვა ფლოტების და სხვა სახელმწიფოების გემებიც ჩადიოდა ხოლმე. რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველ სამ წელიწადს ეს აღლუმები სრული მასშტაბით გრძელდებოდა, თუმცა 2024 წელს ის წინა წლებთან შედარებით შეამცირეს.
რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის მეომრებმა შეძლეს ჩაეძირათ ან მწყობრიდან გამოეყვანათ რუსეთის 10-ზე მეტი ხომალდი შავ ზღვაზე, მათ შორის ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი “მოსკვა”. ხომალდების დიდი ნაწილი ანექსირებული ყირიმიდან ნოვოროსიისკში გადაიყვანეს.
ფორუმი
