1 სექტემბერს, ჩინეთის ქალაქ ტიანძინში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მეთაურთა სხდომაზე გამოსვლისას პუტინმა ამ „კრიზისის“ შექმნაში კვლავ დასავლეთის სახელმწიფოები დაადანაშაულა.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტოებს, „ტასს“ და „რია ნოვოსტის“ მოჰყავთ პუტინის სიტყვები, რომ ეს „კრიზისი” შეიქმნა არა „უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის”, არამედ უკრაინაში „სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, რომელიც მხარდაჭერილი და პროვოცირებული იყო დასავლეთის მიერ“, რასაც მოჰყვა „მცდელობები შეიარაღებული ძალების დახმარებით ჩაეხშოთ წინააღმდეგობა უკრაინის იმ რეგიონების და იმ ადამიანების, რომლებმაც ეს გადატრიალება არ მიიღეს“.
კრემლი „სახელმწიფო გადატრიალებას“ უწოდებს 2013-2014 წლის მოვლენებს, როცა უკრაინის პრორუსულად განწყობილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა შეაჩერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების პროცესი, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად კი იძულებული გახდა ძალაუფლება დაეთმო და რუსეთში გაქცეულიყო. ამას მოჰყვა უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული სეპარატისტების გააქტიურება, მათ მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მეთაურთა სხდომაზე გამოსვლისას პუტინმა „კრიზისის მეორე მიზეზად“ დაასახელა დასავლეთის მცდლობები, უკრაინა ნატოში შეეყვანათ, რაც „რუსეთის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა“.
პუტინმა ისიც განაცხადა, რომ დღემდე ურყევია გაეროს ძირითადი პრინციპები, რომელთა შორისაა საერთაშორისო სამართლის უზენაესობა, სახელმწიფთა სუვერენიტეტის უფლება და მათი ინტერესებისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა.
თავად რუსეთი ამ პრინციპებს წლებია არღვევს საქართველოსა და უკრაინაში.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მეთაურთა სხდომაზე გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ რუსეთი დიდად აფასებს ჩინეთის, ინდოეთის და სხვა სტრატეგიული პარტნიორების ძალისხმევას, რომლის მიზანია „უკრაინის კრიზისის დარეგულირება“ და იმედი აქვს, რომ ალასკის შტატში პრეზიდენტ ტრამპთან „მიღწეული გაგებაც“ ამ მიმართულებით მიდის და „გახსნის გზას უკრაინაში მშვიდობისკენ“.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
ფორუმი
