პუტინი და ალიევი ურთიერთობების დალაგებას იწყებენ

თითქმის ერთწლიანი კრიზისის შემდეგ, რომელიც ს ტერიტორიაზე აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დაიწყო ბაქოსა და მოსკოვს შორის, ალიევი და პუტინი ურთიერთობების დალაგების ეტაპზე გადავიდნენ.
ურთიერთობების დალაგების დაწყების წინაპირობა რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი საჯარო აღიარება და პასუხისმგებლობის აღება გახდა იმაზე, რომ სწორედ რუსეთის მხრიდან საჰაერო დარტყმის შედეგად ჩამოვარდა აზერბაიჯანული თვითმფრინავი, რასაც პირადად ალიევი თვეების განმავლობაში მოსკოვის მხრიდან მოითხოვდა.
“შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტმა ალიევმა მიაღწია ყველაფერს, რასაც ითხოვდა მთელი ეს თვეები. მოითხოვდა იმას, რომ რუსულ მხარეს თავი ეღიარებინა დამნაშავედ მომხდარში. აზერბაიჯანის ხელისუფლება მკაფიოდ და ცხადად ითხოვდა ამას ბევრი თვის განმავლობაში. ვფიქრობ, პრეზიდენტი ალიევი გამარჯვებულია იმის გათვალისწინებითაც, რომ რუსეთის პირველმა პირმა, ვლადიმერ პუტინმა პირადად და კამერების წინაშე აღიარა ეს პასუხისმგებლობა”, – ამბობს ექსპერტი ოლესია ვართანიანი Carnegie politika- სთან ინტერვიუში.
“რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემიდან გაშვებულმა ორმა რაკეტამ პირდაპირ არ დაარტყა AZAL-ის თვითმფრინავს, არამედ რამდენიმე მეტრში აფეთქდა” , – ამის შესახებ დუშანბეში პუტინმა ალიევთან შეხვედრისას გუშინ, 9 ოქტომბერს განაცხადა.
მომხდარზე პასუხისმგებლობის აღებისა და კომპენსაციების გადახდის დაპირების შემდეგ ალიევმა პუტინს გუშინ, 9 ოქტომბერს მადლობაც გადაუხადა.
„მსურს მადლობა გადაგიხადოთ, რომ პირადად აკონტროლებთ ამ სიტუაციას და ჩვენ არასდროს გვეპარებოდა ეჭვი, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდებოდა. მადლობა, რომ ჩვენს შეხვედრაზე გადაწყვიტეთ ამ საკითხზე საუბარი,“ – ციტირებს ალიევს კრემლის პრესსამსახური.
მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობები საგრძნობლად დამძიმდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის 25 დეკემბერს ყაზახეთში ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი, ბორტზე 67 მგზავრით, ჩამოვარდა. ის ბაქოდან გროზნოსკენ მიფრინავდა. 2025 წლის პირველ ივლისს აზერბაიჯანულმა მედიამ გამოაქვეყნა რუსი საჰაერო თავდაცვის კაპიტნის განმარტებითი წერილი, სადაც აღიარებდა AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანებას. იმის მიუხედავად, რომ პუტინმა ალიევს მალევე ბოდიში მოუხადა რუსეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, ალიევი რუსული მხარისგან დანაშაულის აღიარებას და კომპენსაციების გადახდას მოითხოვდა. ურთიერთობების გაუარესების ახალ ტალღას წარმოადგენდა ეთნიკური ნიშნით დაკავებები რუსეთში და საპასუხო დაკავებები აზერბაიჯანში.
„აზერბაიჯანული სამოქალაქო თვითმფრინავის რუსული ძალების მიერ ჩამოგდება და რუსეთის ოფიციალური პირების რეაქცია ამ ინციდენტზე აზერბაიჯანში დიდ უკმაყოფილებასა და იმედგაცრუებას იწვევს,“ – აცხადებდა რამდენიმე კვირის წინ ალიევი ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.
“პირველ რიგში, ეს არ უნდა მომხდარიყო, რადგან როდესაც ხდება დრონებით თავდასხმები რუსეთის აეროპორტებზე, ისინი განსაკუთრებულ რეჟიმს აცხადებს. კატასტროფამდე ორი კვირით ადრე იგივე მოხდა ჩვენს საჰაერო ხომალდთან, რომელიც იმავე რუსულ ქალაქში მიფრინავდა. პილოტებმა მიიღეს სიგნალი და უკან დაბრუნდნენ. ამჯერად ასეთი სიგნალი არ მიგვიღია. სიგნალი უკვე მას შემდეგ გადმოაგზავნეს, რაც თვითმფრინავი იყო ჩამოგდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი უბრალოდ ცდილობდნენ შეცდომაში შეეყვანათ ის, ვინც გამოძიებას ჩაატარებდა. მათ თვითმფრინავს ორჯერ დაარტყეს. მეორე ყარაბაღის ომის დროს, 9 ნოემბერს, აზერბაიჯანმა შემთხვევით ჩამოაგდო რუსეთის ვერტმფრენი, რომელიც აზერბაიჯანის საზღვართან იყო მიახლოვებული, სადაც ის თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო. იმიტომ რომ 30 წლის განმავლობაში რუსეთის ვერტმფრენები არასდროს მიახლოვებიან აზერბაიჯანის საზღვარს სომხეთის ტერიტორიიდან. ის სომხეთის მხრიდან მოდიოდა. ვინც ის ჩამოაგდო, დარწმუნებული იყო, რომ სომხური ვერტმფრენი ცდილობდა ჩვენს ტერიტორიაზე შეღწევას და ამიტომ ჩამოაგდეს. მაშინვე, იმავე დღეს, მე დავურეკე რუსეთის პრეზიდენტს და ბოდიში მოვუხადე. ჩვენ მაშინვე გადავუხადეთ კომპენსაცია დაღუპული პილოტების ოჯახებს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს. დავიწყეთ გამოძიება და ვინც ეს ტრაგიკული შეცდომა დაუშვა, ისინი პასუხისგებაში მიცემულნი იქნენ. რუსეთის მხრიდან ჩვენ მსგავსი არაფერი გვინახავს. ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. მაგრამ ამ ურთიერთობების გაუარესება ჩვენ არ გვინდოდა. დიახ, ჩვენი ხალხი იმედგაცრუებული, გაბრაზებული და დამწუხრებული იყო. ჩვენ ველოდით, რომ ადრე თუ გვიან გამოძიება დასრულდებოდა. მაგრამ შემდეგ დაიწყო ეს უსაფუძვლო თავდასხმები აზერბაიჯანელებზე რუსეთში. ორი ადამიანი წამებას დაექვემდებარა და მოკლეს. შემდგომში გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში კი ეწერა, რომ ისინი გულის შეტევით გარდაიცვალნენ. ასეთი დამოკიდებულია შეუძლებელია. რა დამოკიდებულებაა ეს? მათ შორის იყვნენ აზერბაიჯანის მოქალაქეები და რუსეთის მოქალაქეები აზერბაიჯანული წარმოშობით. ეს იყო უპრეცედენტო აქტი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ურთიერთობების გაუარესებაზე. ჩვენ ვრეაგირებთ კონსტრუქციულად და კანონიერად, მაგრამ არასდროს ავიტანთ ჩვენს მიმართ არცერთი სახის აგრესიისა და უპატივცემულობის გამოვლინებას,“ – აცხდებდა ალიევი.
ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებას მოჰყვა ეთნიკური რეიდები რუსეთში და საპასუხოდ რუსეთის მოქალაქეთა დაკავებები აზერბაიჯანში. ბაქო რუსეთის ხელისუფლებას ბრალს სდებდა აზერბაიჯანელთა მიმართ არასასამართლო ანგარიშსწორებაში, ხოლო ბაქოში რუსების ხისტი დაკავების კადრები აღიქმებოდა, როგორც მოსკოვის მოქმედებებზე დემონსტრაციული პასუხი.
“ჩამოგდებული თვითმფრინავის გარდა, მოსკოვსა და ბაქოს შორის განხილვის კიდევ ბევრი საკითხი არსებობს, ეს შეეხება როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ურთიერთობებს. თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობის აღება კი ხელს შეუწყობს ამ დიალოგის განახლებას ამ სხვა საკითხებზე”, – ამბობს კარნეგი პოლიტიკასთან საუბარში ექსპერტი ოლესია ვართანიანი.
მისივე განმარტებით, ახლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ორ ქვეყანას შორის ისაა, თუ როგორ ყიდის აზერბაიჯანი საკუთარ ნავთობრესურსებს როგორც უკრაინის, ასევე ევროპის ქვეყნების მიმართულებებით. ეს ის თემაა, რომლის ირგვლივ მოსკოვს აქვს განხილვის ინტერესი.
აზერბაიჯანის ეროვნული კომიტეტის წევრი ტოგრულ ჯუვარლის აზრით, ურთიერთობების აღდგენა ძირითადად განპირობებულია ეკონომიკური ინტერესებით.
„მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა, ეკონომიკური ურთიერთობები ვითარდებოდა, პუტინის თქმით, ამ წელს სავაჭრო ბრუნვა 16%-ით გაიზარდა. თუმცა პოლიტიკურ ურთიერთობებში გაყინვამ შეიძლება შეაფერხოს დიდი, სტრატეგიული პროექტები, როგორიცაა ჩრდილოეთ–სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც უნდა უზრუნველყოს ინდოეთის ოკეანის რეგიონის ტვირთების გადაზიდვა. აზერბაიჯანი ასევე მნიშვნელოვანია რუსეთისთვის გაზისა და ელექტროენერგიის გადატანის გეგმის რეალიზაციაში ირანის მიმართულებით,“ – განუცხადა ჯუვარლიმ გამოცემა “კავკაზსკი უზელს”.
მისი თქმით, რუსეთს შეუძლია აზერბაიჯანული სოფლის მეურნეობის პროდუქცია სხვა ქვეყნებიდან შეავსოს, ხოლო აზერბაიჯანმა შეიძლება ექსპორტი გადაიტანოს ყაზახეთში ან ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ „ჩრდილოეთ–სამხრეთის“ პროექტის განხორციელება აზერბაიჯანის გარეშე შეუძლებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

გენო ოსიყმაშვილი: ქეთას ერთხელაც არ შეშლია არც კოლეგიალობა, არც მეგობრობა და, რაც ყველაზე მთავარია – მოქალაქეობრიობა. როგორ შეიძლება ქვეყნისთვის უკეთესი იყოს ასეთი ადამიანის ციხეში ყოფნა?