პუტინის თქმით, თუ ომი გაგრძელდება, რუსეთი უკრაინის სახელმწიფოებრიობას დარტყმას მიაყენებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 16 იანვარს სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ თუკი ომის მიმდინარე კურსი გაგრძელდება, უკრაინის სახელმწიფოებრიობას “გამოუსწორებელ დარტყმას” მიაყენებს. პუტინის თქმით, რუსეთს დაპყრობილი ტერიტორიების დატოვებას ვერასდროს აიძულებს.
“ახლა საკმაოდ ცხადია, რომ უკრაინის კონტშეტევა არა მხოლოდ ჩავარდა, არამედ ინიციატივა სრულად რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია. თუკი ასე გაგრძელდება, უკრაინის სახელმწიფოებრიობამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი, ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღოს”. – განაცხადა პუტინმა მიმართვაში.
პუტინის სატელევიზიო ჩართვამდე უკრაინის პრეზიდენტი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლაში პუტინს “მტაცებელი” უწოდა და განაცხადა, რომ აუცილებელია, პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება ინანოს.
ზელენსკის გამოსვლამდე კი უკრაინულმა მხარემ წარადგინა სამშვიდობო გეგმა, რომელიც რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის ტერიტორიიდან, მათ შორის დან, სრულად გავიდეს. ამასთანავე, უკრაინა რუსეთის მხრიდან რეპარაციების გადახდასა და ომის დანაშაულებისთვის პირების გასამართლებას მოითხოვს.
პუტინმა ზემოხსენებული სამშვიდობო გეგმა კიდევ ერთხელ უარყო და მასთან დაკავშირებით თქვა, რომ დასავლეთსა და უკრაინაში განხილული “ე.წ. სამშვიდობო ფორმულები” შეიცავს “ამკრძალავ მოთხოვნებს”.
“თუ მათ არ უნდათ (რედ. მოლაპარაკებების გამართვა), ნუ უნდათ!”. – ამბობს პუტინი.
რუსეთის თქმით, ნებისმიერი მოლაპარაკება რუსული ჯარების მიერ ბრძოლის ველზე შექმნილ “ახალ რეალობებს” უნდა ითვალისწინებდეს.