პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ “საერთო სახალხო შეკრებას” ეხმაურება და მას უწოდებს “პუტინისტურ” აქციას, რომელშიც საჯარო მოხელეები მონაწილეობენ.
“გუშინ „რუსული კანონის“ და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე იყო. დღეს “პუტინისეული” ქმედებაა: საჯარო მოხელეები “ავტობუსით” თბილისში ჩამოვიდნენ, რათა ტაში დაუკრან მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებს.
ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველო!” – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.
თბილისში, პარლამენტის წინ, 20:00 საათზე იგეგმება მმართველი პარტიის „საერთო სახალხო შეკრების“ დაწყება. 22 აპრილს გახდა ცნობილი, რომ „აგენტების კანონის“ მხარდაჭერის მიზნით, “ქართული ოცნება” კონტრაქციის გამართვას გეგმავდა.
შეკრებილებს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მედიაში ვრცელდება კადრები ღონისძიებაში მონაწილე საჯარო მოსამსახურეების შესახებ.
პარლამენტმა 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“. კანონპროექტს მოქალაქეები მრავალათასიანი დემონსტრაციებით აპროტესტებენ.
29 აპრილს კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს.
დაწერეთ კომენტარი