„პუბლიკის“ მთავარი რედაქტორი – კანონი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს „აგენტებად“ შერაცხავს და მეგობრებს „მტრებად“, არის ბოროტი კანონი – ის მედიის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას გაანადგურებს

კანონი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს „აგენტებად“ შერაცხავს და ჩვენს მეგობრებს „მტრებად“, არის ბოროტი კანონი, – ამის შესახებ გამოცემა „პუბლიკის“ მთავარმა რედაქტორმა, ლიკა ზაკაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს სხვადასხვა ონლაინ გამოცემების ჟურნალისტები და რედაქტორებიც აპროტესტებენ.
ლიკა ზაკაშვილის შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება საქართველოში მედიის დამოუკიდებლობას შეზღუდავს.
„ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ბოროტების მომტან კანონს, ჩვენ ვართ ჟურნალისტები. როგორ წარმოგიდგენიათ, მე რომ ხვალ საქართველოს ხელისუფლებამ უცხოეთის ინტერესების გამტარებლად მომნიშნოს, ვის მოუნდება ჩვენთვის თავიანთი პრობლემების, თავიანთი ტკივილის, იმ წინააღმდეგობის გაზიარება, რომელსაც ყოველდღე აწყდებიან სახელისუფლებო უწყებებთან დაკავშირებით?! გარდა ამისა, სხვადასხვა ტიპის გამოწვევები აქვთ მოქალაქეებს. ამიტომ, ეს არის საქართველოში დამოუკიდებელი მედიის, სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი – კანონი, რომელიც გაანადგურებს მედიის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას საქართველოში”,-განაცხადა ზაკაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტში ონლაინ მედიებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, ლიკა ზაკაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას მედიის კრიტიკული კითხვების ეშინია.
„ისინი პარლამენტს რუსული წესებით მართავენ. მსგავსი რამ საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში, არცერთი პარლამენტის თავმჯდომარეს არ მიუღია. ეს არის სამარცხვინო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, მართლაც სამარცხვინო ფურცელი იქნება ამ მოწვევის პარლამენტის ისტორიაში ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა ზაკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები და სხვადასხვა ონლაინ გამოცემის ჟურნალისტები, რედაქტორები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ.

ასევე დაგაინტერესებთ