პროცედურები, რომელიც მართვის მოწმობის აღსადგენად უნდა გაიაროთ

მართვის მოწმობა 35 ათასზე მეტ პირს აღუდგება – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა. უწყება განმარტავს, რა პროცედურების გავლა იქნება საჭირო მართვის უფლების აღსადგენად.
„დღეის მდგომარეობით 35 500-მდე პირს შეჩერებული აქვს მართვის მოწმობა. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტის სამართლებრივი შეღავათი გავრცელდეს მოქალაქეთა იმ კატეგორიაზე, ვისაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით შეჩერებული აქვს მართვის უფლება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ან მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვისთვის.
• 780-მდე პირს, რომელთაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდათ მართვის, მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ავტომატურად აღუდგებათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მათ მართვის მოწმობას ხელახლა მიენიჭება 100 ქულა;
• მნიშვნელოვანია, რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელ 3 500-მდე პირს, ავტომატურად არ აღუდგება მართვის უფლება. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვები იქნება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ;
• აღსანიშნავია, რომ დაკისრებული ჯარიმების გადაუხდელობის გამო ,მართვის უფლება დღეის მდგომარეობით შეჩერებული აქვს 11 000-მდე ადამიანს. მათ მართვის უფლება აღუდგებათ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში;
• იმ 20 000-მდე პირის მიმართ, რომელთაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის ან შემთხვევის ადგილის მიტოვების გამო შეჩერებული აქვს მართვის უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2026 წლის 1-ელ თებერვლამდე უზრუნველყოფს თითოეული პირის ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან − გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება მიუთითებს, რომ პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღუდგა.
მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება ის ნორმები, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს აძლევს შესაძლებლობას, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს. აღნიშნული მიუთითებს, რომ იმავე ქმედებების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში აღნიშნულ პირებზე მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციები გავრცელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.