„პროფესიული განათლების მიმართ სტუდენტებისა და მოსწავლეების დაინტერესება 100%-თაა გაზრდილი“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ პროფესიული განათლების ეროვნულ კონკურსსა და ზოგადად, პროფესიულ განათლებაზე ისაუბრა.
გადაცემის სტუმრები იყვნენ ასევე – პროფესიული განათლების ეროვნულ კონკურსის მხარდამჭერი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი და წლევანდელი კონკურსის ნომინაციაში პროფესიული განათლების ბიზნეს-პარტნიორი გამარჯვებული „ბიქეი ქონსთრაქშენის“ დირექტორი ბაკურ ბერეკაშვილი.
მაგდა მაღრაძის თქმით, პროფესიული განათლების ჯილდოს კონკურსზე ყოველწლიურად იზრდება აპლიკანტების რაოდენობა და აპლიკაციების ხარისხი.
„ზოგადად პროფესიული განათლების სტატისტიკას თუ შევხედავთ, სტუდენტებისა და მოსწავლეების დაინტერესება დაახლოებით 100%-თაა გაზრდილი. საზოგადოებამ უკვე კარგად გააცნობიერა, რომ პროფესიული განათლების მიღებით ახალი პროფესიის დაუფლება და ღირსეული სამსახურის პოვნა შეიძლება. პროფესიული განათლების პროგრამა არ ზღუდავს ასაკის მიხედვით სტუდენტს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერ დროს დაეუფლოს ახალ პროფესიას, ახალ უნარს, ახალ ცოდნას. წლევანდელ გამარჯვებული სტუდენტის კატეგორიაში გახლავთ 60 წელს გადაცილებული, მან ამ ასაკში გადაწყვიტა ახალ პროფესიას დაუფლებოდა და ძალიან წარმატებულია თავის სფეროში, მეფუტკრეობას ავითარებს აჭარის რეგიონში“, – აცხადებს მაგდა მაღრაძე.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2017 წელს დააფუძნა. როგორც მაგდა მაღრაძე ამბობს, ამის მიზეზი ის იყო, რომ ქვეყანაში პროფესიული განათლების მიმართ ძალიან დაბალი იყო დაინტერესება.
„სწორედ იმის გამო, რომ ძალიან დაბალი იყო დაინტერესება პროფესიული განათლების მიმართ, 2017 წელს გადაწყვიტეთ დაგვეფუძნებინა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო, რომელიც საზოგადოებას გააცნობდა პროფესიულ განათლებაში არსებულ საუკეთესო მაგალითებს. იმიტომ, რომ დაგროვდა ძალიან კარგი გამოცდილება ამ მიმართულებით, როგორც ბიზნეს სექტორიდან პროფესიულ განათლებაში თანხების ინვესტორების, ასვე გაიზარდა დამსაქმებლების პროფესიულ განათლებაში ჩართულობა, ასევე ჩვენი ფონდის, დონორების და საქართველოს მთავრობის და კერძო სექტორის დაფინანსებით შეიქმნა ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, დიდი ინვესტიიციები ჩიადო პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და პროფესიული განათლების პროგრამების ხარისხმაც საგრძნობლად მოიმატა. გვინდოდა, რომ საზოგადოებას უფრო ფართოდ გაეცნო, რა ხდება ამ სექტორში, რა წარმატებული ისტორიები გვაქვს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროფესიული განათლების ჯილდო“, – აცხადებს მაგდა მაღრაძე.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორის, ზურაბ კერვალიშვილის თქმით, კვალიფიციური მუშახელის მიღების ერთ-ერთი გზა პროფესიული განათლებაა. დღეს უკვე ქვეყანაში არსებობს კარგი პროფესიული პროგრამები და კარგი კოლეჯები, მაგრამ ჩვენ ისეთ ისტორიული წარსული გვაქვს, რომ პროფესიული განათლება მეორეხარისხოვნად, არაპრესტიჟულად ითვლებოდა და ეს სტერეოტიპი ჯერ კიდევ დასამსხვრევია.
„ჩვენი ფონდი პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის მხარდამჭერია 2017 წლიდან. წლების განმავლობაში ვაკვირდებით, რომ იზრდება როგორც აპლიკაციების რაოდენობა, ასევე მხარდამჭერებიც, უკვე მეორე წელია პარლამენტმა თავის ჯილდო დააწესა, აქტიურად თანამშრომლობს პროექტთან ისრაელის და აშშ-ს საელჩოები. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ პროექტის და კონკურსის მიმართ ინტერესი არის.
კვალიფიციური მუშახელის მიღების ერთ-ერთი გზა პროფესიული განათლებაა, ქვეყანაში არსებობს კარგი პროფესიული პროგრამები და კარგი კოლეჯები, მაგრამ ჩვენ ისეთ ისტორიული წარსული გვაქვს, რომ პროფესიული განათლება მეორეხარისხოვნად, არაპრესტიჟულად ითვლებოდა და ეს სტერეოტიპი ჯერ კიდევ დასამსხვრევია. ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ არსებობს ძალიან საინტერესო პროფესიები, არის შესაძლებლობა, რომ მიიღო განათლება, დასაქმდე, გქონდეს ღირსეული სამსახური და შემოსავალი და ამით ქვეყნის ეკონომიკაც იხეირებს. ამიტომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ზურაბ კერვალიშვილი.
გადაცემის მესამე სტუმარი „ბიქეი ქონსთრაქშენის“ დირექტორი ბაკურ ბერეკაშვილი იყო. აღნიშნულმა კომპანიამ პროფესიული განათლების ეროვნული კონკურსის ერთ-ერთი ჯილდო მიიღო პროფესიული განათლების ბიზნეს-პარტნიორის ნომინაციაში.
ბაკურ ბერეკაშვილმა მადლობა გადაუხადა ფონდს ამ აღიარებისა და დაფასებისთვის და განაცხადა, რომ იმ შრომის შემდეგ, რაც მათ 2017 წლიდან პროფესიული განათლების მხარდასაჭერად გასწიეს, ჯილდო მოულოდნელიც არ ყოფილა.
„საკმაოდ დიდი შრომა ჩავდეთ ამ საქმეში. 2017 წლიდან, განათლების სამინისტროსთან ერთად, დავაფუძნეთ სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტორი“, რომელიც ზესტაფონში მდებარეობს. დაახლოებით 4 მლნ ლარამდე ინვესტიცია ჩადო კომპანიამ ამ პროექტში და დღემდე ვიყენებთ იმ რესურსს, რასაც ჰქვია კოლეჯში კადრების გადამზადება და შემდეგ უკვე პროფესიული კადრების ჩვენს სამშენებლო ობიექტებზე დასაქმება.
დღეის მდგომარეობით, ამ პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 500-მდე ადამიანი გადამზადდა, აქედან 30-40% ჩვენთანაა დასაქმებული, დანარჩენი სხვა კომპანიებში“, – განაცხადა ბაკურ ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენი“ გეგმავს, რომ კიდევ უფრო გააფართოოს კოლეჯ „კონსტრუქტორის“ არეალი და წელს ახალი ფილიალი გახსნან ახალციხის რაიონში, კერძოდ ვალეში, რომელიც აღნიშნულ რეგიონში პროფესიული კადრების გადამზადებას და მათ მშენებლობაში ინტეგრირებას დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს ორგანიზებით და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2023 წლის გამარჯვებულები რამდენიმე საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ. ესენია: პროფესიული განათლების სტუდენტი, პროფესიული განათლების მასწავლებელი, პროფესიული განათლების პროგრამა და პროფესიული განათლების ბიზნეს-პარტნიორი.