21 იანვარს, 14:00 საათზე ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ-ის) რექტორის არჩევნების დაწყების პარალელურად, საპროტესტო აქცია დაიწყო.
„სირცხვილია, სირცხვილია“, „ცეცხლი ოლიგარქიას“ – სკანდირებენ დემონსტრანტები, მათ შორის სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტში იმყოფებიან.
მათი ნაწილი ცდილობს შევიდეს აკადემიური საბჭოს სხდომაზე, სადაც რექტორს ირჩევენ.
ისინი პროტესტის ნიშნად აუდიტორიის კარებზე აბრახუნებენ და ხმაურობენ.
უნივერსიტეტში ასევე მივიდნენ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც „ქართული ოცნების“ კანდიდატს უჭერენ მხარს.
კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“
რექტორობის კანდიდატები არიან:
· ტიტე აროშიძე – „ქართული ოცნების“ წევრი აჭარის სადავო ლეგიტიმაციის მქონე უმაღლესო საბჭოდან;
· არჩილ გუჩმანიძე – გარემოსდაცვის საკითხებზე მომუშავე მოქალაქე, იქთიოლოგი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის კრიტიკოსი. იგი არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილების გამო ოზეწოლასა და მუქარაზე საუბრობს.
არჩილ გუჩმანიძე, – დემონსტრაციის მონაწილეების მსგავსად, – მიიჩნევს, რომ ეს ამ უნივერსიტეტისთვის „ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია“, რომელიც გადაწყვეტს, უნივერსიტეტს „დარჩება უნივერსიტეტად თუ გადაიქცევა მმართველი პარტიის ოფისად“.
„ამ შემთხევავაში მარტო ვუპირისპირდები ბსუ-ში შემოღწევის სურვილის მქონე ტიტუშკებს, სუს-ს, ანტიქართულ, ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ და პრორუსულ რიტორიკას“, – წერს არჩილ გუჩმანიძე ფეისბუკზე.
„მმართველმა პარტიამ ბსუ-ს აკადრა კანდიდატი, რომელსაც არ გააჩნია ციტირება, უბრალოდ არც იძებნება „გუგლ სქოლარში“ [აკადემიური ლიტერატურის საძებარ სისტემაში], როგორც მეცნიერი და მკლევარი“, – ამბობს გუჩმანიძე.
გუჩმანიძეს მიაჩნია, რომ აროშიძის, – სადავო უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრის „ქართული ოცნებიდან“ – არჩევით „დაზიანდება უნივერსიტეტის რეპუტაცია, ავტორიტეტი, აკადემიური თავისუფლება, აკადემიური მიუკერძოებლობა და აკდემიური ხარისხი“ და „გაიმარჯვებს სიბნელე“.
„მუქარა ოჯახის წევრებით“
არჩილ გუჩმანიძემ 17 იანვარს გამოაცხადა, რომ რექტორობაზე იყრიდა კენჭს. რამდენიმე საათში კი თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების გამო დაემუქრნენ.
„პოსტის გამოქვეყნებიდან 3 საათში დამიკავშირდნენ „კეთილისმყოფელები“ და გადმომცეს: „ზევიდან“ ითხოვენ, რომ შენ საბუთები უკან გამოიხმოო, ან არჩევნებში მონაწილეობა შეუმჩნევლად მიიღო, პოსტები წაშალოო და ა.შ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობელემები გექნებაო, შენ ან შენო იჯახის წევრებსო“, – განაცხადა გუჩმანიძემ.
მას კანდიდატურა არ მოუხსნია.
„მგონი, ცხადია არამხოლოდ ბათუმში, არამედ მთელს საქართველოში [სხვადასხვა სფეროში] პარტიული კონიუნქტურის შემოსვლა“, – უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბსუ-ის პროფესორმა ინგა შამულიშვილმა რადიო თავისუფლებას.
„ეს, რაც ხდება, არის პირდაპირი ჩარევა უნივერსიტეტის დამოუკიდებლობაში“, – ამბობს შამულიშვილი, რომელიც ბსუ-ის ჟურნალისტიკის მიმართულების პროფესორია.
ბსუ-სთან მიმდინარე აქციის მონაწილე, სტუდენტი მათე ცენტერაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება:
„თუ აქამდე ბსუ-ში ქართული ოცნება თავის საქმეებს აკეთებდა შუამავლებით, ახლა პირდაპირ ტიტე აროშიძე დაგვისვეს, რომელიც მთელი ამ [საპროტესტო დემონსტრაციების] განმავლობაში ჩვენი, მათ შორის ბსუ-ის სტუდენტების მარგინალიზებას ცდილობდა“.
ადგილობრივი გამოცემების, „აჭარა ტაიმსისა“ და „ბათუმელების“ ცნობით, ბსუ-ის აკადემიურ საბჭოში – რომელმაც ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიოს რექტორი – ირიცხება ტიტე აროშიძის ძმა, პაატა აროშიძე.
ტიტე აროშიძის თანაგუნდელმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აჭარის სადავო მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ „ჩვენთვის ერთ-ერთი ძვირფასი საგანმანათლებლო დაწესებულება“ უწოდა ბათუმის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და განაცხადა:
„უშანსოდ არიან დარჩენილები კონკრეტული კანდიდატები“.
მან ასევე თქვა, რომ „თუმცა ეს საბოლოო ჯამში უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადასაწყვეტია“.
„დარწმუნებული ვარ, რომ აკადემიური საბჭო ღირსეულ კანდიდატზე შეაჩერებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა რიჟვაძემ.
ვაკანტური პოზიცია
რექტორის პოსტი 2024 წლის ივლისის შემდეგ ვაკანტურია.
რექტორის კანდიდატების განცხადებების მიღება 2024 წლის 12 ივლისს დასრულდა, თუმცა განაცხადი არავის შეუტანია.
მას შემდეგ რექტორის მოვალეობას ასრულებს მერაბ ხალვაში, – რომელსაც რექტორის პოსტი მანამდე უკვე ორი ვადით ეკავა. ის აკადემიურმა საბჭო 2016 და 2020 წლებში აირჩია.
რექტორის პოსტზე მესამე ვადით ერთი და იმავე პირის არჩევა არ არის დაშვებული.
ამასთან, მერაბ ხალვაშს მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაც მხოლოდ ექვსი თვით ეკავა, – მეორედ ერთი და იმავე ადამიანის მოვალეობის შემსრულებლად არჩევა/დანიშვნა ასევე არ არის დაშვებული.
ფორუმი