პროსახელისუფლებო მედიისთვის საქმიანობაში ხელშეშლაში ბრალდებული 7 დემონსტრანტიდან 3 ბრალს აღიარებს

4 ოქტომბერს „მშვიდობიანი დამხობის“ აქციაზე პროსახელისუფლებო მედიებისთვის საქმიანობაში ხელშეშლაში ბრალდებული 7 ადამიანიდან 3 აღიარებს დანაშაულს, – გაირკვა დღეს, 10 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე.
შვიდივე დემონსტრანტს გირაო შეუფარდეს 24 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, დღეს კი სამმა მათგანმა აღიარა წაყენებული ბრალი. ესენი არიან გიორგი დუშენკო და ცოლ-ქმარი, ვახტანგ გაბელაია და ინგა პაპუნაშვილი-გაბელაია. მათ 3000-3000 ლარის ოდენობით გირაო ჰქონდათ შეფარდებული.
ხოლო დანარჩენმა ოთხმა ადამიანმა განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებენ. ესენი არიან:
· თამუნა კირთავა – ბრალდების თანახმად, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტს.
· მარია ოთინაშვილი – ბრალდების თანახმად, დროშას აფარებდა პირველი არხის კამერას.
· ალექსანდრე ცნობილაძე – ბრალდების თანახმად, ძალადობით ხელი შეუშალა “ტვ იმედის” ოპერატორს.
· ირაკლი წულაია – ბრალდების თანახმად, “რუსთავი 2-ის” ჯგუფს ხელს უშლიდა მუშაობაში.
პროკურატურის მტკიცებით, მათ 4 ოქტომბრის აქციაზე ათონელის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიაზე წიწაკის სპრეი შეასხეს და ფიზიკურად, „ძალადობის მუქარით“ შეუშალეს ხელი საზოგადოებრივი მაუწყებლის, „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფებს.
ექვს მათგანს ბრალი ედება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში – რაც ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, 2 წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს ან ორ წლამდე შინაპატიმრობას.
ირაკლი წულაიას ბრალი ედება „ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში – ძალადობის მუქარით“, – რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ფორუმი