625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების საქმის პროკურორის ზინიკო ქობალიას განცხადებით, ბრალდებული მის საკუთრებაში არსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაუსაბუთებელი თანხების თავმოსაყრელად და ფულის გათეთრებისთვის იყენებდა.
კითხვაზე, ეხმარებოდა თუ არა ბრალდებულს აზერბაიჯანის მოქალაქე თანხის შემოტანაში და უკანონო რეალიზებაში, პროკურორმა უპასუხა, რომ თანხები მეზობელი ქვეყნიდან საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით შემოჰქონდათ, ხოლო ბანკებში მათ წარმომავლობაზე ყალბ ინფორმაციას უთითებდნენ.
„ჩატარებული გამოძიების დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ფულის გათეთრების სქემაში, რომლის ფარგლებში გათეთრებული თანხის ოდენობა წარმოადგენს 624 მილიონ აშშ დოლარსა და 34 მილიონ ევროს. გამოძიებით ასევე დადგენილია დანაშაულებრივი სქემა, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა ბრალდებული. ბრალდებული მის საკუთრებაში არსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს იყენებდა, როგორც კრიმინალურ ინფრასტრუქტურას, სადაც ხდებოდა დაუსაბუთებელი თანხების თავმოყრა. აღნიშნული თანხები თავის მხრივ, დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, პირველ ეტაპზე მოსაზღვრე ქვეყნიდან შემოტანილი იყო საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავების გამოყენებით. შემდგომ ეტაპზე, ხდებოდა აღნიშნული თანხის კომერციულ ბანკებში მიტანა, სადაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის, ბრალდებული უთითებდა ყალბ ინფორმაციას თანხის წარმომავლობის შესახებ“,- განაცხადა პროკურორმა.
მისი თქმით, საქმე უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის ფულის გათეთრებას ეხება. ანალოგიურ ფაქტზე წარსულში უკვე გასამართლებულია შვიდამდე პირი.
პროკურორის თქმით, ეროვნული ბანკი გამოძიებასთან თანამშრომლობდა და მისგან საჭირო ინფორმაცია მიიღო.
„უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის ფულის გათეთრებასთან გვაქვს საქმე. მოცემულ საქმეზე მსგავს საქმეზე წარსულში ნასამართლევია სხვა პირებიც. ანალოგიურ ფაქტზე გასამართლებულია 7-მდე პირი. რაც შეეხება სხვა დეტალებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეზღუდული ვარ ვისაუბრო დამატებით დეტალებზე.
ეროვნულ ბანკთან შემიძლია ვთქვა, რომ თანამშრომლობდა გამოძიების პროცესში და მათ მიერ მოწოდებულ იქნა გამოძიებისთვის მოთხოვნილი ინფორმაცია“,- განაცხადა პროკურორმა.
