პროკურორი – უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის საქმის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები კანონის სრული დაცვითაა მოპოვებული – დასაშვებობის საკითხზე სასამართლო მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს

ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საქმის პროკურორის, ანი ხახანაშვილის განცხადებით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები კანონის სრული დაცვით მოიპოვეს.
როგორც პროკურორი განმარტავს, მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს სასამართლო მომდევნო სხდომაზე გადაწყვეტს.
„ბრალდების მხარემ სასამართლოს წარვუდგინეთ და ვიშუამდგომლეთ კანონის სრული დაცვით მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობა. დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე ასევე განვიხილეთ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები, ბრალდების მხარემ შუამდგომლობა დავაყენეთ მათ მიერ წარმოდგენილი მასალების დაუშვებლად ცნობის თაობაზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ისინი კანონის არსებითი ხასიათის დარღვევითაა მოპოვებული. ასევე, დღევანდელ სხდომაზე გადაისინჯა ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების საკითხი და არგუმენტების მოსმენის შემდეგ სასამართლომ ძალაში დატოვა შეფარდებული პატიმრობა. ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები კანონის სრული დაცვით აქვს მოპოვებული. მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე სასამართლო მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს“, – განაცხადა ხახანაშვილმა.
დაკავებული ცოლ-ქმარი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.
ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება – შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარე წლის 4 მაისს, სულ სხვა საქმეზე დაიწყო. კერძოდ კი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე. სწორედ აღნიშნული გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, სამართალდამცველებმა უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები ფარულად დაამონტაჟეს, რომელთა საშუალებითაც მარიამ იაშვილსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს უკანონოდ იღებდნენ.
ამასთან, სახელმწიფო ბრალდების ცნობით, დაკავებულებმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.
გამოძიების ინფორმაციით, ჩანაწერებში საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც ფიგურირებენ, რომელთა გადაღებაც უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე ხორციელდებოდა და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ძიძიგური – თუ ხელისუფლება არ შეიცვალა, ძალიან ცუდი პერსპექტივები აქვს ქვეყანას – სამოქალაქო გმირობა იქნება თუ პარტიები, რომლებსაც არ აქვთ იმედი, რომ 5%-ს გადალახავენ, საერთოდ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში