პროკურორი განმარტავს, რატომ მოითხოვა ბრალდების მხარემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საბა სხვიტარიძისთვის წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირება.
„პროკურატურა ყოველთვის ხელმძღვანელობს მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით, ვინაიდან ბრალდებულმა შესაძლოა უტყუარად ვერ გაიგო პოლიციელების განცხადება მათი სამსახურებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, შესაბამისად ვიხელმძღვანელეთ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებით და მივიღეთ ობიექტური გადაწყვეტილება ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, საბა სხვიტარიძეს, რომელიც პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაშია ბრალდებული, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა.
აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობა პროკურატურამ დღევანდელ პროცესზე დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
უფრო კონკრეტულად, საბა სხვიტარიძეს ბრალი ჰქონდა წაყენებული 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი მას ახლა 120-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ზოგადად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული კი “ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ”.
