პროკურორი – მტკიცებულებები, რომლებიც ლაზარე გრიგორიადისის საქმეში იქნა მოპოვებული, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა – საქმეში არის თვითმხილველ მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებები

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ბრალდებულის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში, – ამის შესახებ 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებული 21 წლის ს საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
მისივე თქმით, მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვებული იყო საქმეში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ბრალდებულის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში. მოგეხსენებათ, რომ ბრალდების მხარეს ეს მოლოდინი ჰქონდა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ვინაიდან მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვებული იყო საქმეში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა. საქმეში არის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები, ასევე დაზარალებულების ჩვენებები, რომელიც მოისმინა სასამართლომ. სხვადასხვა ექსპერტიზა ჩატარდა, განისაზღვრა ავტომობილთან დაკავშირებით ზიანი. რაც შეეხება დაზარალებულებს, ფაქტობრივი გარემოებები კარგად არის ცნობილი. ბრალდებულმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა პოლიციის თანამშრომლების მისამართით, რამაც მათი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. მათ სხეულის სხვადასხვა არეში მიიღეს მძიმე ხარისხის დამწვრობა. სამედიცინო დახმარებით მოხერხდა მათი ჯანმრთელობის შენარჩუნება. არაერთი ვიდეოჩანაწერი იყო წარდგენილი. კონკრეტულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, მათ შორის არსებობდა დათვალიერების ოქმი, რომელშიც მონაწილეობდა ბრალდებულთან ერთად ადვოკატი, საკუთარი თავი მან თავად ამოიცნო. ბრალდებულის მხარე ხაზს უსვამს ვიდეოჩანაწერს, რომელშიც გრიგორიადისი ცეცხლს უკიდებს ავტომობილს. არა ჩვენებაში, არამედ დათვალიერების ოქმში. ჩვენებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ბრალდების მხარე არ ეხება, ვინაიდან ბრალდებულმა გამოიყენა დუმილის უფლება.
ასევე, საქმეშია მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და ამოიცნეს ბრალდებული. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ კონკრეტულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით შესაბამისმა ექსპერტიზამ დაადგინა ლაზარე გრიგორიადისის ვიდეოჩანაწერში არსებობის ფაქტი. ასევე, ბრალდებულის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების კვალი იქნა აღმოჩენილი და დადგენილი. მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ სხვადასხვა ექსპერტიზები იქნა საქმეზე ჩატარებული და სწორედ ამ მტკიცებულებათა ერთობლიობით ჰქონდა ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი“, – განაცხადა თამარ იაკობიძემ.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს