პროკურორი – იყო მეგობრული გარემო – თორნიკე რიჟვაძის მამაც ესწრებოდა სუფრას და სიძეც, ყველა პირი იდენტიფიცირებული და გამოკითხულია – რიჟვაძის ტანსაცმელთან ერთად ამოღებულია წერილი საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსიდან”, გამომძიებელმა ამოიღო

მოსამართლე დაეთანხმა აღკვეთის ღონისძიების შინაარსს, რაც გავაჟღერე, უბრალოდ, სასამართლომ პატიმრობის უზრუნველყოფა მოუხსნა და შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 30 ათასი ლარის ოდენობით , – ამის შესახებ ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდებული, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
პროკურორმა მომხდარის ზოგად დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანამ გასროლა მოხდებოდა, ე.წ. ფანჩატურში იყვნენ სტუმრები, რომელთა შორის იყო რიჟვაძის მამა და სიძე.
მისი თქმით, სტუმრები წასული იყვნენ, როდესაც რიჟვაძე ახვლედიანის კუთვნილ იარაღს ფარულად დაეუფლა.
რაც შეეხება რიჟვაძის წერილს, მისი თქმით, წერილი კლინიკიდან გამომძიებელმა რიჟვაძის ტანსაცმელთან ერთად ამოიღო.
“გამოძიებით დადასტურებულია, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ე.წ. ფანჩატურში, სადაც საქეიფო სივრცე იყო, ბრალდებულმა დაუდევრად დატოვა იარაღი. ის იყო ტყავის ჩანთაში მოთავსებული. თორნიკე რიჟვაძე მალულად დაეუფლა აღნიშნულ იარაღს, შევიდა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და გულმკერდის არეში მოახდინა გასროლა.
გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა. ალექსი ახვლედიანს ჰქონდა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
მოცემულ სიტუაციაში დასტურდება, რომ იყო მეგობრული გარემო, სუფრაზე იმყოფებოდნენ სხვა პირები, შემდეგ ისინი წავიდნენ და დარჩნენ თორნიკე რიჟვაძე და ალექსი ახვლედიანი. ყველა იქ მყოფი პირი იდენტიფიცირებული და გამოკითხულია. თორნიკე რიჟვაძის მამაც ესწრებოდა აღნიშნულ სუფრას და სიძეც.
რაც შეეხება წერილს, თორნიკე რიჟვაძის ტანსაცმელთან ერთად ამოღებული იქნა წერილი საგარეჯოში მდებარე “ჯეოჰოსპიტალიდან”. გამომძიებელმა ამოიღო”, – განაცხადა პროკურორმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა თავაძე – რეჟიმი დემოკრატიაზე ძვირი ჯდება, ხდება ჭანჭიკების გადაჭერა და მივედით სისხლიან დაპირისპირებამდე – ნიშნები ჩანს, რომ უნდათ არჩევნების გაყალბებისთვის ფინანსური რესურსი და როდესაც აკუმულირება გიჭირს, შენს სხეულს დაუწყებ ჭამას