სასამართლოს წარვუდგინეთ შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ღარიბაშვილს გარდა 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთისა, დანაშაულის საქმიანობის შედეგად მიღებული ქონება ჩამოერთმევა და დამატებით სასჯელად ერთი მილიონი ლარის ჯარიმა განესაზღვრა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა დრო ჯარიმის გადახდისთვის განსაზღვრული, პროკურორმა აღნიშნა, რომ არა და ამაზე კონტროლს აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს
„ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ 194-ე მუხლის, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. შესაბამისად, სასამართლოს წარვუდგინეთ შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ჩამოერთვა დანაშაულის საქმიანობის შედეგად მიღებული ქონება და დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა განსაზღვრა.
[ჯარიმის გადახდის] დრო განსაზღვრული არ არის, ამაზე კონტროლს აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე აღიარა ჩადენილი დანაშაული. სწორედ ეს გახდა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი. იგი დაეთანხმა წარდგენილ პირობებს და შესაბამისად, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება“, – განაცხადა თათიაშვილმა.
პროკურორის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი იყო მოწმის არაერთი ჩვენება, თუმცა კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ის ვერ დაასახელებს.
ამასთან, კითხვაზე, ხომ არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ ღარიბაშვილის ოჯახს, ქონების სახით, ქარხანა ჩამოერთვას, პროკურორმა უპასუხა, რომ არა.




