მშობლების დახმარება განხორციელდა შვიდ ერთეულ უძრავ ქონებასთან მიმართებით, ასევე მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით – ჯამურად საუბარია 4 მილიონ ამერიკულ დოლარისა და მილიონ ლარზე მეტის გათეთრებაზე, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებებთან არ არის დაკავშირებული.
„მტკიცებულებათა უმრავლესობა დოკუმენტური ხასიათისაა, არსებობს შესაბამისი ტრანზაქციები, შესაბამისი დანიშნულებები და ხელშეკრულებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება როგორც ბრალდებულებს, ისე მათი ქმედების შინაარს. გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია 8986 ერთეული ბიტკოინის მითვისებაში და შემდგომ ლეგალიზებაში. დასტურდება, რომ ორივე ბრალდებულმა [გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებმა] ჯამურად 4 მილიონი ამერიკული დოლარისა და მილიონ ლარზე მეტი ლარის ფულის გათეთრებაში მიიღეს მონაწილეობა.
მათი დახმარება განხორციელდა შვიდ ერთეულ უძრავ ქონებასთან მიმართებით, ასევე მოძრავ ქონებასთან – ავტომობილებთან დაკავშირებით, მათ შორის, ფულადი თანხის მოძრაობასთან დაკავშირებით, ჯამურად საუბარია 4 მილიონ ამერიკულ დოლარსა და მილიონ ლარზე მეტზე.
ეს სისხლის სამართლის საქმე გამოიყო, ძირითადი სისხლის სამართლის საქმიდან, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარეობდა და შესაბამისი შედეგიც დადგა. მათ საქართველოს ტერიტორია თებერვალში დატოვეს. გამოძიება წინსწრებად ვერანაირ ქმედებას ვერ განსაზღვრავდა. ყველა პროცესი და შემდგომი მოქმედებების განსაზღვრა, უკავშირდება მტკიცებულებებს. კანონმდებლობის ცვლილება არაფერ შუაშია!”,- განაცხადა მიხეილ სადრაძემ.
ასევე, კითხვაზე, დაიწყება თუ არა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წითელი ცირკულარით ძებნა, პროკურორი განმარტავს, რომ ისინი ყველანაირ სამართლებრივ პროცედურას გამოიყენებენ.
„ინტერპოლთან მიმართვას რაც შეეხება, ზოგადად ჩვენ ნებისმიერ სამართლებრივ პროცედურას მივმართავთ, თუმცა ამას გარკვეული სახის სპეციფიკა გააჩნია და გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. ამ მიმართულებით განსახორციელებელი პროცედურისთვის რვა სტრუქტურული ერთეულის ჩართულობა სჭირდება“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.
ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. საქართველოს პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით.
ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
