პროკურორი განმარტავს, რატომ არ მოხდა აქციაზე დაკავებული 20 წლის მათე დევაძის მიმართ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძის საქმის პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი განმარტავს, თუ რატომ არ მოხდა დაკავებულის მიმართ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება, რომელიც 21 წელს მოუღწეველ პირთან შეიძლება გამოიყენონ.
როგორც პროკურორი განმარტავს, ბრალდების მხარემ დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე დევიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
„ბრალდებისთვის დაცვის მხარეს რაიმე სახის შეღავათის გამოყენების მოთხოვნით არ მოუმართავს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისი დაკავების გადაწყვეტილება მივიღეთ და დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მის მიმართ პატიმრობა მოვითხოვეთ, ვინაიდან მომეტებული რისკები არსებობდა და სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენება მიზანშეწონილად არ მივიჩნიეთ.
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რა სახის ღონისძიება გამოვიყენოთ ან უნდა დაიწყოს თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნა, ან გამოყენებული იყოს თუ არა ალტერნატიული მექანიზმი, ეს საფრთხეების, დანაშაულის ხასიათით, ბრალდებულის პიროვნებით ფასდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მომეტებულად არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, მისი დაკავების გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, – განაცხადა ხუბეჯაშვილმა.
მისი განმარტებით, დაზიანების ხარისხი არაა კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი, ქმედება მძიმე კატეგორიისაა, რასაც ბრალდებულის ქმედება განსაზღვრავს. პროკურორის თქმითვე, სამი დაზარალებული პოლიციელიდან ორს – გიორგი ესტატიშვილსა და ბიძინა ჟამერაშვილს დაზიანება ხილულად გააჩნია და ის სამედიცინო ბარათშია ასახული.
ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და ახლა გამოძიება უკვე სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს.
მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ გელოვანი: ხელისუფლებამ ჩვენს წინააღმდეგ მასიურად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები, რამაც ფაქტობრივად შეიწირა ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა, მათ შორის, კი ჩემი მხედველობა

პროკურატურა – პატიმრობა შეეფარდა ორ პირს, რომელთაც თანხის გამოძალვის მიზნით დაზარალებულის ეზოში მუქარის შემცველი წერილები დატოვეს, სადაც 50 000 აშშ დოლარს ითხოვდნენ და სხვადასხვა დროს ეზოში მდგარი ორი ავტომობილი დაწვეს