პროკურატურის ცნობით, თაღლითური ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელმა თანხა კეზერაშვილის ანგარიშზე ჩარიცხა

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცველებთან თანამშრომლობით, „ქოლ-ცენტრების საქმეზე“, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია და ბრალი წარედგინა „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობაში ჩართულ ოთხ პირს, ასევე დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი ორ ფიზიკურ პირს და ერთ იურიდიულ პირს.
გამოძიების ვერსიით, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიის, შპს „მორგან ლიმიტედი“-ს ბაზაზე, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ჩამოაყალიბეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც 2019-2021 წლებში მოქმედებდა.
„შპს ,,მორგან ლიმიტედი“-ს სახელით იჯარით აღებულ ფართში მოწყობილი ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უკავშირდებოდნენ ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს და მოტყუებით იყოლიებდნენ, წინასწარ შექმნილ ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე განეხორციელებინათ თითქოსდა მომგებიანი ინვესტიცია“, – წერია განცხადებაში.
პროკურატურის მტკიცებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და ს რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 170 000 ევროს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თაღლითური ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელმა თანხის ნაწილი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ანგარიშზე ჩარიცხა.
„თაღლითურად დაუფლებული აქტივებისთვის კანონიერი სახის მისაცემად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს ხსენებული თანხების მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით. გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში
ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე“, – წერია განცხადებაში.
პროკურატურის ვერსიით, ერთ-ერთი დაკავებულის ხელმძღვანელობით, თბილისში დღეის მდგომარეობითაც მოქმედებდა მსხვილი თაღლითური ქოლ-ცენტრი, რომელშიც მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ასეულობით კომპიუტერი და მობილური ტელეფონი, შავი ჩანაწერები და დანაშაულთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია. ამავე განცხადებით, იდენტიფიცირებული არიან თაღლითური ქოლ-ცენტრის საქმიანობაში ჩართული სხვა პირებიც.
პროკურატურა აღნიშნავს, რომ სასამართლო განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების კუთვნილ რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების აქტივებს.
პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ქოლცენტრების საქმემ” საქართველოში განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც BBC-მ ამ თემაზე ჟურნალისტურ გამოძიება მოამზადა.
BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ე.წ. ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულის“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილია დასახელებული.
BBC-ს გამოძიების მიხედვით, თაღლითობასთან კავშირი დავით კეზერაშვილმა და სხვა დასახელებულმა პირებმა უარყვეს.
BBC Eye-ის გამოძიება ძირითადად Milton group-ის სახელით ცნობილ მასშტაბურ ქსელსა და მის პარტნიორ კომპანიებს შეეხება, რომლებმაც, თაღლითური სქემებით, მილიარდ დოლარზე მეტი გამოსძალეს “უბრალო ინვესტორებს” და უპირატესად ყველაზე მოწყვლად ფენას – პენსიონერებს.
ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, ვერ მიაგნეს საჯარო დოკუმენტებს, რომლებიც Milton-ამდე არსებულ ქსელთან კეზერაშვილის პირდაპირ კავშირს დაადასტურებდა; მაგრამ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ Panama Papers-ში მისი გვარი ხშირად მეორდებოდა, როგორც ქსელის მშობელი კომპანიების დამფუძნებლის, ანდა მსხვილი მეწილის.
BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში მითითებულია, რომ ვერ მიაკვლიეს საჯარო დოკუმენტებს უშუალოდ Milton-ის ჯგუფთან კეზერაშვილის კავშირის შესახებ და ასევე არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მას ამ ქსელთან „პირდაპირი ფინანსური ინტერესი“ აკავშირებს.
თუმცა Milton-ის ჯგუფის რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის მიერ კონფიდენციალურად მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტექსტში აღნიშნულია, რომ მათი ცოდნით, კეზერაშვილი ამ ჯგუფში იყო ჩართული.
დავით კეზერაშვილმა BBC-ს მიმართა და მისგან ფაქტების უარყოფა მოითხოვა.
2023 წლის 4 აგვისტოდან ტელეკომპანია „ფორმულის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი დავით კეზერაშვილი აღარაა – საჯარო რეესტრმა მას დაუკმაყოფილა მოთხოვნა და კუთვნილი 51-პროცენტიანი წილიდან 25 პროცენტი გადაეცა თანამშრომელთა გაერთიანებას – ააიპ „თავისუფლების ფორმულას“.