ბათუმის საქალაქო სასამართლო გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.
გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა მიიღოს.
პროკურატურა მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. მათი თქმით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
“მიმალვის საფრთხე არსებობს, ორი საფრთხეა, პატიმრობა პროპორციულია და ბრალდებული უნდა დარჩეს პატიმრობაში”, – მიმართა სასამართლოს პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.
“აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – ძალაში უნდა დარჩეს”, – მიმართა კიდევ ერთმა პროკურორმა შოთა ჩხაიძემ სასამართლოს.
მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი მიიჩნევს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
“ბრალდებამ ამ წუთას ისაუბრა აღკვეთის ღონისძიებაზე, ორად ორ გარემოებაზე: მტკიცებულებების განადგურების და ახალი დანაშაულის საფრთხეზე, ახალი დანაშაულის საფრთხე ეყრდნობოდა იმ მტკიცებულებებს, კერძოდ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებას, ის კადრი ნანახი აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადაც გრიგოლ ბესელია აკავებს ადმინისტრაციული წესით. ახალ დანაშაულის ჩადენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ უკავშირდება. ვიდეო კადრებში ჩანს, სადაც ადამიანს აკავებს. ბრალდებამ მიამატა მიმალვის საფრთხე, ამაზე პრევენციის უამრავი ღონისძიება არსებობს. პატიმრობა უკანონოა, მზია ამაღლობელის პატიმრობა ყოველგვარი მინიმალური სტანდარტს მიღმაა, მზია ამაღლობელს არ ჩაუდენია პოლიციელზე თავდასხმა. მარცხენა ხელით გაწნული სილა არ არის თავდასხმა პოლიციელზე. რა გარემოებებს ეყრდნობა, რომ მზია ამაღლობელი მიიმალება? ახალ დანაშაულს ჩაიდენს? რა ვარაუდს ეყრდნობა?”,- აღნიშნა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
