საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერების მიმართ ითხოვს გირაოს მილიონ-მილიონი ლარის ოდენობით.
პროკურორის თქმით, საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის არის სასამართლო განჩინების საფუძველზე მოპოვებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები და ვიდეო ჩანაწერები.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ზოგი ბრალდებულების მიმართ, ვგულისხმობ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. აღნიშნული ბრალდებულების მიმართ ჩვენ ვითხოვთ გირაოს მილიონ-მილიონ ლარს. ხოლო რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, დანარჩენები იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებაში და ჩვენ მივმართეთ სასამართლოს მათ მიმართ მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძვლები უკვე ისედაც აღმოფხვრილი იქნებოდა.
საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის არის სასამართლო განჩინების საფუძველზე მოპოვებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები და ვიდეო ჩანაწერები. ასევე არის ექსპერტიზის დასკვნები“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ბრალდება 8 პოლიტიკოსს – მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ზურაბ ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას წარუდგინა. კონკრეტულად ელენე ხოშტარიას ბრალდება სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტს გულისხმობს.




