პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის პატიმრობას ითხოვს

მოკლედ
· ყოფილ თავდაცვის მინისტრს პროკურატურამ ბრალი დღეს, 13 სექტემბერს წარუდგინა.
· გამოძიება მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.
· 2025 წლის ივლისში სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ბრალდებით დააკავა ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე, ცოლისძმა და კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი.
· ბურჭულაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბურჭულაძეს ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიები ფარგლებში წარედგინა. სავარაუდო დანაშაული ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა 2023 წელს ჩაიდინა.
პროკურატურის ვერსიით, ბურჭულაძის მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეწოდა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებას, დაუსაბუთებელი ქონების დამალვას, გამოძიება ამბობს რომ ეს უკვე 2024-2025 წლებში მომხდარი დანაშაულია.
უფრო კონკრეტულად კი:
“2025 წლის იანვარში, ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ 544 000 ევროდ შეიძინეს ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი გზით წარმომავლობა არ უფიქსირდებოდათ, ამ თანხის წარმოშობის დამალვის მიზნით, 2024 წელს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, რეალურად კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა.
ამასთან, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ხსენებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის შენიღბვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება, რითაც მან განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა.”
ბურჭულაძის ადვოკატი მედიასთან ამბობს, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი გამოძიების ამ ვერსიებს არ ეთანხმება, თავს უდანაშაულოდ თვლის და ბრძოლას აპირებს.
” მრტ-ს აპარატთან დაკავშირებული თანხა შეუძლებელია წარგენილ იქნებს ბრალად, როგორც ფულის გათეთრება, რაზეც სუს-ი აპელირებს.. .
სახლი აქვს ესპანეთში, ამას ვადასტურებთ, მაგრამ აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია შემოსავლების, საიდან იყო თანხა, წარმომავლობა და ამის დასაბუთება შეიძლება…
ეს ჰგავს დადგმულ სპექტაკლს, ხელისუფლებამ შეუძლია შეიქმნას იმიჯი კორუფციასთნა მებრძოლის, შესაბამისად, შდეგსაც ვხედავთ” – უთხრა ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ მისმა ადვოკატმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი ხაბეიშვილის საქმეზე – ერთი და იმავე მოსამართლეზე განჩინების გაცემაც და ამ საქმის დაწერაც უკანონოა, როგორც ჩანს, ეს მოსამართლე ჰყავთ გამზადებული ყველაფერზე ხელის მოსაწერად და ბარემ ამას შეკიდეს მთელი ტვირთი

ირაკლი ნადირაძე – ლევან ხაბეიშვილის დაკავება ემსახურება იმას, რომ 4 ოქტომბრის აქცია არ შედგეს, მაგრამ ვიქნებით ძალიან ბევრი, ჯერ რომ არ ვყოფილვართ, იმდენი – როგორც ხაბეიშვილი ამბობდა, 4 ოქტომბერს იქნება მშვიდობიანი რევოლუცია