პროკურატურა დაკავებული აქტივისტის ნინო დათაშვილის ადვოკატების განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, რომ ადვოკატების მიერვე წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და ექსპერტიზის დანიშვნა მიზანშეწონილად ამიტომ ჩაითვალა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, მსგავს შემთხვევებში, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ყოველთვის ინიშნება.
“გვსურს გამოვეხმაუროთ ნინო დათაშვილის ადვოკატების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეეხება ბრალდებულისათვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ნინო დათაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, საჯარო მოსამსახურეზე – სასამართლოს მანდატურზე თავდასხმა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაცვის მხარემ წარმოადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ადვოკატების მიერვე წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა. აქვე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მსგავს შემთხვევებში, ყოველთვის ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა”,- ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პროკურატურა ამ საკითხის გარკვევას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცდილობს. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის თამარ გაბოძის თქმით, აღნიშნეული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს, ნინო დათაშვილის დისკრედიტაციას.
მათი მიზანია, ნინო საბოლოოდ ჩამოაშორონ აქტივიზმს , მოახდინონ მისი დისკრედიტაცია და უხეშად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ადამიანი რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, გამოამწყვდიონ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
„მინდა ხაზი გავუსვა სიმპტომს, – განაცხადა თამარ გაბოძემ 2 აგვისტოს სასამართლოს წინ გამართულ ბრიფინგზე, – ემოციური ლაბილობა ახლავს ხერხემლის თიაქარის მძიმე დიაგნოზს. ემოციური ლაბილობაა, როდესაც ადამიანს გარკვეული გარემოფაქტორების ზემოქმედებით ეცვლება გუნება-განწყობა: შეიძლება ტიროდეს, ნერვიულობდეს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ეს არ შეიძლება შეფასდეს იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების დიაგნოზად. დღეს ჩვენს ქვეყანაში, როედსაც ვხედავთ როგორ სამარდება მართლმსაჯულება, როდესაც ვხედავთ არაერთი ადამიანის უსამართლო გასამართლებას, შეუძლებელია, რომ ვინმეს არ ჰქონდეს ემოციები. აქედან გამოდინარე, ყველა ადამიანს, ვისაც გვაღელვებს ამ ქვეყნის ბედი, გვაქვს ემოციური ლაბილობა, ვნერვიულობთ, ვღელავთ, ვაპროტესტებთ იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში“.
თამარ გაბოძის თქმით, პროკურატურის მიერ ნინო დათაშვილთან დაკავშირებული ეს გადაწყვეტილება მიემართება ყველა უფლებადემცველს: „ვინც გაბედავს რეჟიმის წინააღმდეგ ხმის ამოღებას, მათ წინააღმდეგაც გამოიყენებენ ამ ვერაგულ და უკიდურესად უკანონო ხერხს“.
დაცვის მხარე ცხადია გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილეას, თუმცა არცერთი გადაწყვეტილება, რომელიც დაცვის მხარემ გაასაჩივრა ნინო დათაშვილის შემთხვევაში არ იქნა დაკმაყოფტლებული.
ფორუმი
