პროკურატურა განცხადებით ეხმაურება, ცნობას იმის შესახებ, რომ დაკავებულ აქტივისტსა და პედაგოგს, ნინო დათაშვილს იძულებით ფსიქიატრიულ ექსპერტიზას უტარებენ.
პროკურატურის განცხადებით, “მსგავს შემთხვევებში, ყოველთვის ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა”.
“გვსურს გამოვეხმაუროთ ნინო დათაშვილის ადვოკატების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეეხება ბრალდებულისათვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ნინო დათაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, საჯარო მოსამსახურეზე – სასამართლოს მანდატურზე თავდასხმა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაცვის მხარემ წარმოადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ადვოკატების მიერვე წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის ინიციატივითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით პედაგოგი და აქტივისტი ნინო დათაშვილს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. ამის შესახებ ორგანიზაცია PHR-ის ადვოკატებმა, ნინო დათაშვილის ინტერესების დამცველებმა განაცხადეს.
თუ ნინო დათაშვილი უარს განაცხადებს ამ შემოწმებაზე სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მას დაწესებულებაში იძულებით გადაიყვანენ. შემოწმების მიზნით დათაშვილმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20 დღე უნდა გაატაროს.
“პროკურატურამ აქტივისტების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ მეთოდს მიმართა და ნინო დათაშვილის მიმართ სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ მოითხოვა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება. ანუ პროკურატურა ითხოვს ნინო დათაშვილის შერაცხადობის გამოკვლევას ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე. სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა. ნინო დათაშვილს არ მისცეს პროცესში მონაწილეობის უფლება, რადგან მას არ ჰქონდა ინფორმაცია რა საკითხი განიხილებოდა. სასამართლომ განაცხადა, რომ თუ ნინო დათაშვილი იქნება წინააღმდეგი ექსპერტიზაზე, გამოიყენონ იძულების პროპორციული ღონისძიებები. ანუ სასამართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა”, – განაცხადა ადვოკატმა.
დათაშვილის ადვოკატების თქმით, დაკავებულ მასწავლებელს ხერხემლის სერიოზული პრობლემები აქვს, მას აქვს მალებს შუა დაზიანება, თიაქარი და რადიკულიტი. ამ დაავადებების თანმხლები სიმპტომია (და არა ცალკე დიაგნოზი) ემოციური ლაბილობა ანუ ემოციის და განწყობის სწრაფი მონაცვლეობა, რომელიც ნინო დათაშვილს 2019 წელს აღენიშნებოდა.
ადვოკატების განცხადებით, ამ საკითხზე აპელირებს პროკურატურა და ცდილობს ნინოს სტიგმატიზებას, რადგან საზოგადოებაში ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე საუბარი უკვე იწვევს გარკვეულ განწყობებს ზოგადად ამ თემის მიმართ არსებული სტიგმების გამო.
“ტირილი და ემოციის მატება არ არის დიაგნოზი ეს არის სიმპტომი, რომელიც ნინოს ხერხემლის პრობლემებს ახლავს თან”, – აცხადებენ ადვოკატები.
ადვოკატები ფიქრობენ, რომ ამ ექსპერტიზას პროკურატურა ნინოს წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებისთვის იყენებს. ნინოს სასამართლო 7 აგვისტოს არის ჩანიშნული და იქ უნდა გადაისინჯოს, არსებობს თუ არა დათაშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა.
სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს. პროკურატურა ცდილობს თავდასხმად დააკვალიფიციროს ინციდენტი, რომელიც დათაშვილსა და მანდატურებს შორის მოხდა ნინოს სასამართლოდან ძალის გამოყენებით, იძულებით გაძევებისას.
· ნინო დათაშვილს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის 20 დღით შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ – ადვოკატები
· ომბუდსმენმა, ნინო დათაშვილთან საუბრის შემდეგ, რეაგირებისთვის პროკურატურას და შსს-ს მიმართა
· აქტივისტი: ნინო დათაშილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ექიმი ჯერ კიდევ არ შესულა
