პროკურატურის პრესსამსახური იუწყება, რომ მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე 8 თებერვალს გამოძიება დაიწყეს საბოტაჟის, საბოტაჟის მცდელობისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით.
საქმე აღიძრა მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე. ვის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება, ამის შესახებ განცხადებაში საუბარი არ არის.
მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“, რომელიც ხშირად იმეორებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გზავნილებს, 2024 წლის 10 ივლისს დაფუძნდა. ამ ორგანიზაციის განცხადებებს ხშირად ავრცელებენ ხელისუფლებასთან აფილირებული მედიასაშუალებები.
„ისინი ბოლო წლებში და განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიუთითებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა“, – წერია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.
სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბოტაჟი), 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საბოტაჟის მცდელობა) და 319-ე მუხლით (უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება) აღძრული საქმის გამოძიებაში ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებიც. ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 5-დან 10 წლამდე და 7-დან 15 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.




