პროკურატურამ სააპელაციოში გაასაჩივრა ექიმ გიორგი ახობაძის გამამართლებელი განაჩენი

საქართველოს პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა საპროტესტო დემონსტრაციებისას დაკავებული და მოგვიანებით სასამართლოს მიერ გამართლებული ექიმის, გიორგი ახობაძის განაჩენი.
როგორც ახობაძის ადვოკატი, მარიამ მაძღარაშვილი იუწყება, პროკურორმა სააპელაციო საჩივარი გუშინ, 5 სექტემბერს შეიტანა სააპელაციო სასამართლოში. საქმის პროკურორი შმაგი გობეჯიშვილია.
„ბრძოლა გრძელდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. იქ შევხვდებით“, – წერს ადვოკატი.
თითქმის 8-თვიანი სასამართლო განხილვის და პატიმრობის შემდეგ, 6 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 43 წლის ანესთეზიოლოგ-რევმატოლოგი გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.
პროკურატურამ მალევე განაცხადა, რომ განაჩენს გაასაჩივრებდა.
ახობაძე ერთ-ერთია იმ სამ დემონსტრანტს შორის, რომლებიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჰყავდათ დაკავებული და სასამართლომ გაამართა.
ასე მოხდა ნიკა კაციასა და მანამდე თედო აბრამოვის შემთხვევებში. მსგავსი ბრალდებით დაპატიმრებულ ანტონ ჩეჩინს რვა-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც