პროკურატურამ ნანუ სანდერს ბრალი დაუმატა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე პროკურატურა კიდევ ერთ ბრალს უმატებს ერთ-ერთ დაკავებულ დემონსტრანტს, ნანუ (ნანა) სანდერს. ამის შესახებ საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
· ამ დრომდე სანდერს ედავებოდნენ მხოლოდ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას (სსკ 225-ე მუხლის პირველი ნაწილი) – დანაშაულისთვის 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
· დამატებით მას ედავებიან „ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას“ (სსკ 317-ე მუხლი) – დამატებული ბრალი უფრო ნაკლებად მძიმე დანაშაულად ითვლება და სამ წლამდე პატიმრობაა გათვალისინებული.
დღეს, 13 ნოემბერს პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 64-ვე მონაწილეს „უზუსტებს ბრალს“:
„63 პირს ბრალდება უზუსტდება მხოლოდ ფორმულირების და დანაშაულის ქმედების აღწერის ნაწილში და კვალიფიკაცია არ იცვლება“.
4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების “მშვიდობიანი დამხობის” მოწოდებით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა. ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა მცირე ჯგუფის მცდელობა, “გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები”, სასახლის “ჯებირების” გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
გამოძიება დაიწყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების, ნივთის დაზიანება ან განადგურების, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირების და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობის მუხლებით.
ფორუმი