საქართველოს პროკურატურამ, მოტყუებით სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის რვა წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, 2022 წლიდან ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. ბრალდებულებმა ეტაპობრივად დააფუძნეს სხვადასხვა იურიდიული პირები, რომელთა მეშვეობითაც ახორციელებდნენ ხეტყის შეძენას და მის შემდგომ რეალიზაციას.
„სამეწარმეო საქმიანობის პროცესში, მეტი სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები სისტემატურად არღვევდნენ კანონმდებლობით დადგენილ საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოების სპეციალური წესს, საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დეკლარაციებს მუდმივად აზუსტებდნენ ყალბი მონაცემების შეტანით, რის საფუძველზეც არ იხდიდნენ კუთვნილ საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს.
აღნიშნული ხერხით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2022-2024 წლებში სახელმწიფოს მოტყუებით მიაყენეს 4 მილიონამდე ლარის ქონებრივი ზიანი.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.




