პროევროპულ აქციაზე დაკავებულმა კიდევ ერთმა ახალგაზრდამ დაიწყო შიმშილობა ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად

„ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, საპატიმროში მოშიმშილე მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ციხეში შიმშილობა გამოაცხადა აქციებზე დაკავებულმა კიდევ ერთმა მოქალაქემ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.
ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა დაუდასტურა.
ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა 21 იანვარს გამოაცხადა რევაზ კიკნაძემაც. ორივე მათგანის ინტერესებს ავსაჯანიშვილი იცავს.
· 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს – პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყებიდან ორ დღეში. მას პიროტექნიკის სროლას ედავებიან;
· რეზო კიკნაძეც უკვე თვე-ნახევარია, დაკავებულია – ის 2024 წლის 6 დეკემბერს დააკავეს და მას „ჯგუფურ ძალადობას ედავებიან“.
· მზია ამაღლობელი – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი – 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. კოლეგების ცნობით, ის მე-11 დღეა, შიმშილობს.
ადვოკატ სოფიო გორდაძის ცნობით, ნიკოლოზ ჯავახიშვილი დიჯეია, ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით. მას „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრეს.
21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ საჩივარი, – მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებდა, მისი პატიმრობა არ გაეგრძელებინა.
21 იანვარსვე, ვაშინგტონში ვიზიტად მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა ამაღლობელს მხარდაჭერა გამოუცხადა და პლატფორმა X-ზე დაწერა: „მზია ამაღლობელო, შენ მარტო არ ხარ ამ ისტორიულ ბრძოლაში საქართველოს თავისუფლებისათვის“.
ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით – რომელსაც სინდისის პატიმრად მიიჩნევენ, – აქციები ყოველდღე იმართება. 22 იანვარს საქართველოს პარლამენტის სასახლესთან მორიგი აქცია გაიმართა.
ამაღლობელის დაპატიმრებას გამოეხმაურა ამერიკელი-ფილიპინელი ნობელიანტი მწერალი მარია რესა, – რომლის წიგნითაც მივიდა ამაღლობელი თავის სასამართლოზე. „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ – ასე ჰქვია მის წიგნს.
ამასთან, ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, კოლეგებმა საერთო წერილით მიმართეს მას და მოუწოდეს, შიმშილობა შეწყვიტოს.
ამ დრომდე უცნობია, პროევროპული აქციების დაწყებიდან ზუსტად რამდენი ადამიანია დაკავებული სისხლის სამართლის წესით, კიკნაძისა და ჯავახიშვილის მსგავსად. თუმცა რადიო თავისუფლებამ 28 ნოემბრიდან დღემდე 45-ის შესახებ მოიპოვა ინფორმაცია.
საქმეებს შორისაა ბრალდებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ძალადობაში მონაწილეობაზე, პოლიციელებზე თავდასხმაზე, სხვისი ნივთის დაზიანებასა და ნარკოდანაშაულზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საპატრიარქო: საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება – 18 მარტს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ სამების საპატრიარქო ტაძარში