პრემიერ-მინისტრმა ბათუმის ახლად რეაბილიტირებული „გმირთა ხეივანი” დაათვალიერა

ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ბათუმს ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატა – ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასრულდა. შესრულებულ სამუშაოებს დღეს ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი გაეცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის დეტალებზე ინფორმაცია მთავრობის მეთაურს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.
„პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, კომერციული და მოსასვენებელი სივრცეები, შადრევნები, ველოსადგომები და დამონტაჟდა სხვადასხვა სახის დეკორატიული სანათები.
ხეივანში შეიცვალა და განახლდა დენდროლოგია, რეგიონის კლიმატური პირობების შესაბამისად შერჩეული, სხვადასხვა ჯიშის 12 000 მწვანე ნარგავით.
ასევე, დასრულდა ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი 3 ლითონკონსტრუქციის საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობა. შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის, ხიდებზე განთავსდა ლიფტები.
საფეხმავლო სახიდე გადასასვლელი, პანდუსთან ერთად, უზრუნველყოფს კავშირს როგორც სამნაწილიანი ბულვარის მონაკვეთებს შორის, ისე ბულვარის კავშირს სანაპიროსთან.
„გმირთა ხეივნის“ რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25.4 მილიონი ლარით დაფინანსდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.