პრემიერ-მინისტრი – წმენდაზე საუბარი არის აბსოლუტური ტყუილი – 2012 წლამდე „ნაცმოძრაობა“ იყო შეჭრილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მთელ რიგ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში

წმენდაზე საუბარი არის აბსოლუტური ტყუილი. რაც მე ვთქვი ეს არის ფაქტი- 2004-დან 2012 წლამდე თავიდან ბოლომდე „ნაცმოძრაობა“ იყო შეჭრილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მთელ რიგ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა შეფასებებს, რომლის მიხედვითაც, მისმა განცხადებებმა სახელმწიფო უნივერსიტეტში „ლექტორთა წმენდა“ წაახალისა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სხვა სფეროებთან ერთად, საუნივერსიტეტო სივრცეც მონოპოლიზებული ჰქონდა, რასაც სხვა ბევრი ადამიანიც დაადასტურებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ კერძო უნივერსიტეტებშიც შეიჭრა, თქვენ იცით, რომ სააკაშვილის დედამ ერთ ლარად მიითვისა საქართველოს უნივერსიტეტი, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ერთ ლარად მიითვისა აგრარული უნივერსიტეტი და ა.შ. ისინი იჭრებოდნენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებში. გახსოვთ, იგივე პრაქტიკა იყო მედიაში, სხვა სფეროებშიც. ანალოგიურად იჭრებოდნენ ისინი სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტებში. რაც შეეხება ქეთევან ქუთათელაძეს, არ ვიცი, ვინ არის და რა ფაქტთან გვაქვს საქმე, მაგრამ რაც შეეხება იმ ფაქტს, რაც მე გავიხსენე, ეს არის უბრალოდ ფაქტი, რასაც დაადასტურებს უამრავი ადამიანი. უამრავი კვალიფიციური ლექტორი გააგდეს უნივერსიტეტებიდან პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე და უამრავი არაკვალიფიციური პროფესორი დანიშნეს უნივერსიტეტებში. ეს იყო იმ პოლიტიკური ნების შედეგი, რომელიც თავის დროზე ჰქონდა „ნაცმოძრაობას“. მას სურდა ყველაფრის მონოპოლიზება და ახერხებდა ამას წარმატებით – როგორც მოახერხეს მედიის მონოპოლიზება, ასევე, პრაქტიკულად, ჰქონდათ მონოპოლიზებული თითქმის მთელი საუნივერსიტეტო სივრცე, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში”, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ლექტორი ქეთევან ქუთათელაძე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად სოციალურ ქსელში ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ 18 წლიანი გამოცდილების მიუხედავად მას კვალიფიკაცია დაუწუნეს.
„თსუ-ში პოლიტიკური რეპრესიები უკვე დაიწყო, ყოჩაღ თქვენ კოლეგებო, დაკვეთა შეასრულეთ? ვაკანტური ხდება ადგილი, რომელსაც 18 წელია ვიკავებ, რომლიდანაც რამდენჯერმე გაგდების მცდელობა საბოლოოდ, 2024 წელს შესრულდა. უბრალოდ მაინტერესებს კოლეგებო, არ გრცხვენიათ ჩემი, ან სტუდენტების, ვინც მე მიცნობს, ან თუნდაც ღმერთის? თითქმის 6 დღიანი ლოდინის შემდეგ მეტი ფანტაზია არ გეყოთ? რომ ასეთი უსირცხვილო ტყუილი დაგეწერათ. როგორი მარტივი ლოგიკაა, აქამდე ვაკმაყოფილებდი და ახლა რა შეიცვალა? ასეთი ბრძანება მიიღეთ? პიროვნებას ავიწროებთ და ჩაგრავთ? 10 წლის წინ დაწყებული ამბის ბოღმა ახლა გასკდა? ჩემი თავისუფლება რომ ვერ გატეხეთ და ღირსება ფეხქვეშ რომ ვერ გათელეთ? რა ნამუსით აკნინებთ ჩემს პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას, არ გრცხვენიათ?“- წერს ქუთათელაძე.