ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეიძლება შედგეს ჯანსაღი დისკუსია , – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადება, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დებატებს მოითხოვენ.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გაუცხადა, დისკუსია უნდა იყოს ღია, ეფუძნებოდეს არგუმენტებს და საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია ყველა თემასთან დაკავშირებით.
„პოლიტიკურ სპექტრში ძალიან ბევრი სპეკულირებს ყველაფერზე. ზოგადად, რაც შეეხება დებატების შემოთავაზებას, ნებისმიერი სუბიექტისგან ნებისმიერი თემა შეგვიძლია ავიღოთ და ნებისმიერ საკითხზე შეგვიძლია დისკუსია გავმართოთ. მთავარია, რომ ელემენტარული პრინციპები იყოს დაცული. ერთ-ერთი პრინციპია კონსტიტუციური პრინციპის აღიარება. ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეიძლება შედგეს ჯანსაღი დისკუსია. აქ საუბარი იმაზე ხომ არ არის, რომ გინდა თუ არა უნდა გადავხედოთ ჩვენს კონსტიტუციურ ამოცანას. საუბარია იმაზე, რომ ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები და ამაზე შეიძლება შედგეს ჩვეულებრივი ჯანსაღი მსჯელობა, რა პლუს-მინუსები აქვს კონკრეტულად, მაგალითად, ევროინტეგრაციას. ჩვეულებრივი საკითხია. ყველა თემასთან დაკავშირებით შეიძლება შედგეს ჯანსაღი დისკუსია, მთავარია, ეს დისკუსია ეფუძნებოდეს არგუმენტებს, იყოს ღია და საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია ყველა თემასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, განცხადებული მიზანია, რომ საქართველოს გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი.
„ჩვენ გაცხადებული გვაქვს მიზანი, ეს მიზანი არის ის, რომ საქართველო გვინდა, გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი. რაც შეეხება ნებისმიერ თემასთან დაკავშირებულ დისკუსიას, ამისათვის ვართ მზად, რა პლუს-მინუსები აქვს ნებისმიერ პროცესს, ეს შეგვიძლია განვიხილოთ, თუმცა კონსტიტუციური ამოცანა არის კონსტიტუციური ამოცანა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




