პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან „საბოტაჟის ინტერესი“ გამოვლინდა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადების ფაქტით, რამაც რელევანტურობა დაუკარგა არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ყველა განცხადებას.
„მგონი არარელევანტურია არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებები – გამომდინარე იქიდან, რომ მან უკვე გამოავლინა საბოტაჟის ინტერესი, როდესაც მან ვეტო დაადო იმ კანონს, რომელიც მიზნად ისახავდა ცესკოს ჩიხიდან გამოყვანას. მან ამით საბოლოოდ დაადასტურა,რომ მისი ერთადერთი თვითმიზანი არის არჩევნების მიმართ ერთგვარი საბოტაჟის განხორციელება. შესაბამისად, მისი ყველა განცხადება რელევანტურობას მოკლებულია“, – უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ.
ჟურნალისტის შეკითხვა შეეხებოდა პრეზიდენტის პოზიციას საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის საჭიროებასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მართავს შეხვედრებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ელჩები მზადყოფნას გამოხატავენ, რომ საქართველოს შეუწყონ ხელი არჩევნებისთვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის საქმეში. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით პასიურობს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ზურაბიშვილის თქმით, მზად არის დიასპორაც, სხვადასხვა ქვეყანაში, რომ თავიანთ სარგებლობაში არსებული სივრცეები, არჩევნების დღეს, კენჭისყრის პროცესს დაუთმონ.