პრაგმატული პოლიტიკა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, არაღიარების პოლიტიკა იყო მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან წარმატებული.
„2012 წლისთვის ოთხ სახელმწიფოს ჰქონდა აღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა და ოთხი სახელმწიფო დარჩა ოთხ სახელმწიფოდ, რაც მთლიანად ხელისუფლების და საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგია. დიდი მადლობა სამინისტროს, პირადად მინისტრს, ბატონ ილია დარჩიაშვილს მათი საქმიანობისთვის. ეს საქმიანობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის სამეზობლო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, „არაჩვეულებრივი და კეთილმეზობლური“ ურთიერთობები აქვს.
„რაც შეეხება სამეზობლო პოლიტიკას, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები, კეთილმეზობლური ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა. პოლიტიკური კუთხით, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაკეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ გავაღრმაოთ ეს ურთიერთობები.
ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად უწყობს ხელს მშვიდობას ქვეყანაში და ეს იქება ჩვენი მიდგომა მომავალშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.